"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბესიკ ქათამაძე ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, ამომრჩევლის მოსყიდვა – დაშინებაზე საუბრობს.
"ჩემთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია, როცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი, ილია ლეჟავა გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში გადაადგილდებოდა დაბა ნასაკირალის სხვადასხვა უბნებში და როგორც დღეს დილით ჩემთვის გახდა ცნობილი, ბატონი ლეჟავა, ხვდებოდა დაბის ახალგაზრდობას და მათ სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების სანაცვლოდ, სახელისუფლებო კანდიდატისთვის მხარდაჭერას სთხოვდა.
აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, დაახლოებით 140-მდე წვევამდელმა მიიღო უწყება, მაშინ როდესაც, ამ რაოდენობის ახალგაზრდობა ჯარში ერთ გაწვევაზე ოზურგეთის მასშტაბითაც კი ვერ მიდის. ეს იყო პირველი სიგნალი, რისი სისრულეში მოყვანის მცდელობასაც დღეს უკვე ხელმძღვანელის მხრიდან აქვს ადგილი. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიული არჩევების ჩატარებაზე, ნუ აიძულებენ საჯარო მოხელეებს ასე დამამცირებლად გამოაყენებინოს თანამდებობრივი უფლებამოსილებები."- ამბობს ქათამაძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, მობილიზაციისა და გაწვევის სამსახურის უფროსი ილია ლეჟავა "გურია ნიუსთან" კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ფაქტს, თუმცა ნასაკირალში რომ იმყოფებოდა, ადასტურებს: "გამორიცხულია, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა, შვილებს გეფიცები, რის სამხედრო სამსახურზე თავის არიდებაზე საუბრობენ, ვასრულებ ჩვეულებრივად სამსახურეობრივ მოვალეობას, არასდროს არ მიმიღია არჩევნეში მონაწილეობა, ჩემს ახლობელთან ვიყავი, ჩემს მეგობართან სახლში და არ გავსულვარ სახლიდან"_ამბობს ლეჟავა.
კითხვაზე, არის თუ არა დაბა ნასაკირალში 140 ახალგაზრდა სამხედრო სამსახურში გაწვეული, ლეჟავა აცხადებს, რომ ეს ძალიან დიდი ციფრია. მისი თქმით, ნასაკირალში დაახლოებით 80 -85 ახალგაზრდის გაწვევაზეა საუბარი.