ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლისათვის წარმატებული გამოდგა "საქართველოს ხელოვანთა კავშირის" მიერ ორგანიზებულ ბავშვთა კლასიკური მუსიკის რესპუბლიკურ კონკურს-ფესტივალში "მომავლის ვარსკვლავები" დებიუტი, რომლის დასკვნითი გალა-კონცერტი 15 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა.
ფესტივალის შესარჩევი ტურები მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში გაიმართა, სადაც მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლა ოთხი ნომრით იყო წარმოდგენილი. ჟიურის გადაწყვეტილებით დასკვნით კონცერტზე ლანჩხუთელმა პატარა მუსიკოსებმა ნეაპოლური სიმღერა "O SOLE MIO" შეასრულეს და წარმატებული დებიუტისთვის სპეციალური დიპლომები დაიმსახურეს. დიპლომები გადაეცათ ლანჩხუთის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს: მარიამ ურუშაძეს, თამარ ბულბათაშვილს, ლიზი ზენაიშვილსა და ტატა გუჯაბიძეს. ასევე სკოლის პედაგოგებსა და დირექტორს.
"ამ ფესტივალზე, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის არაერთი სამუსიკო თუ სახელოვნებო სკოლები იყო წარმოდგენილი, ასევე მონაწილეობას იღებდა სამუსიკო სტუდიებიც, ჩვენ პირველად გამოვედით. კარგია რომ ბავშვებში კლასიკურ მუსიკას ნელ-ნელა მეტი ყურადღება ექცევა და არ არის ცოტა, ასეთ პატარა ასაკში კონსერვატორიის დარბაზის სცენაზე გამოხვიდე. ნამდვილად წარმატებული იყო ჩვენი სკოლის ეს დებიუტი, რაც შემდგომში მეტი სტუმულის მომცემია. ამ წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით სკოლის პედაგოგებს ლალი გავაშელაშვილსა და რუსუდან სიხარულიძეს", -ამბობს სამუსიკო სკოლის დირექტორი მაია ჩავლეიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთის მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლა რამდენიმე დღის წინ ასევე წარმატებით წარსდგა სენაკის არტ-ფესტივალზე, რომელიც პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის ორგანიზე4ბით იმართება და დასავლეთ საქართველოს რეგიონის სამუსიკო სკოლებს აერთიანებს. სენაკში განსაკუთრებული გამოდგა მარიამ ურუსაძის სოლოგამოსვლა.