სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები სტაჟირებას საქართველოს რეგიონებში არსებულ სასაკლაოებში გაივლიან.
ნოდარ კერესელიძემ მომავალ ვეტერინარებს აგრარული სექტორის განვითარების სახელმწიფო ხედვა გააცნო და ყურადღება გაამახვილა სურსათის უვნებლობის, ევროკავშირთან დაახლოების და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობაზე და ამ პროცესებში ახალგაზრდა კადრების ჩართულობის აუცილებლობაზე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან, იმართება შეხვედრები ახალგაზრდა კადრების პროფესიული უნარების ამაღლებისა და აგრარული სპეციალობების პოპულარიზაციის მიზნით. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია შეხვედრები სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარიის სპეციალობების სტუდენტებთან.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას აგრარული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეცტექნიკა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მარანი, ენოთეკა და ღვინის მუზეუმი დაათვალიერეს.
(R)