ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ისინი სოფლიდან ინერტული მასალის გადატანას აპროტესტებენ. მათ რამდენი წუთი სატვირთო მანქანებს გზაც გადაუკეტეს.
"ჩვენ არ გავჩერდებით, ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, თუ ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, მივმართვთ პროტესტის სხვა გზებს, დაშრა ჭები, აზიანებენ ცენტრალურ გზას, საშინელი სიტუაციაა, გაზის გაყვანილობა და წყლის გაყვანილობა დახეთქილია, მიწა დაბლა ჩაიწია და მილები ჩანს, გამონაბოლქვისგან ვიხრჩობით, ბავშვებს ვერ ვაძინებთ, ფანჯრებს ვერ ვაღებთ. ცოტა ხანში არც ხიდი ექნება სოფელ მაკვანეთს" – ამბობს ქეთევან კვარაცხელია.
სოფელ მაკვანეთში მცხოვრები ცირა ვასაძე და მანანა ბაბილოძე ამბობენ, რომ მაკვანეთის მოსახელობა ფეხზე დადგება. "ბავშვები გარეთ სათამაშოდ ვერ გამოდიან, უჰაერობაა, სახლს ბზარები აქვს, დღე და ღამე სულერთია მაგთთვის, მალე ჭაში წყალი აღარ იქნება! აქ ხალხი ცხოვრობს და მიაქციონ ყურადღება. ერთეულები მდიდრდებიან და ჩვენ ჰაერიც აღარ გვაქვს".
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი პაატა ნიკოლაიშვილი მოსახლეობის პროტესტს ეთანხმება: "ჩვენ ამ ხალხის არჩეულები ვართ, შევთანხმდებით და ყველაფერს მათ საკეთილდღეოდ გადავწყვეტთ. რაც შეეხება გზას, პროექტი შედგენილი და დასრულებულია და სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დაიწყება"_ამბობს ნიკოლაიშვილი.