იძულება, მითვისება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება, დოკუმენტის გაყალბება – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგი ნორმები, შესაძლოა, არაკონსტიტუციურად ცნონ.
საქმე ისაა, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს N740 კონსტიტუციური სარჩელის "საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" არსებითად განსახილველად მიღების საკითხს.
მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას (კონსტიტუციური სარჩელის სრული ვერსიის სანახავად მიყევით ამ ბმულს).
საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, დანაშაულად არის გამოცხადებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა იძულება, მითვისება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება, დოკუმენტის გაყალბება.
"საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს პროკურორის უფლებას, გადაწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოების საკითხი, აგრეთვე ადგენს მტკიცებით სტანდარტებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპს. სადავო ნორმები აგრეთვე განსაზღვრავს სასამართლოს განაჩენის კანონიერების, დასაბუთებულობისა და სამართლიანობის საფუძვლებს.
მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები არის ბუნდოვანი, კერძოდ, ისინი არ არის ჩამოყალიბებული საკმარისი სიცხადით, ვერ აკმაყოფილებს ნორმის განჭვრეტადობისა და განსაზღვრულობის კონსტიტუციურ პრინციპებს და, ამდენად, იძლევა მათი არაკონსტიტუციურად განმარტებისა და გამოყენების შესაძლებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, ისინი არღვევენ თანასწორობის, სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებებს, აგრეთვე სათანადო მტკიცებულებების გარეშე პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და კანონის გარეშე პასუხისმგებლობის აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპებს", _ აღნიშნულია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.