26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქალაქ ოზურგეთში მხატვარ გერონტი ღლონტის "ოქროს პალიტრა" გაიხსნება.
აწ გარდაცვლილი გერონტი ღლონტის "ოქროს პალიტრის" გახსნა ქალაქ ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში მოხდება.
გერონტი ღლონტი დაიბადა ლეჩხუმში, ცაგერის რაიონში, აღვის თემში 1938 წლის 5 იანვარს. დედა ადრე გარდაეცვალა, მამა დიდ სამამულო ომში დაიკარგა და პატარა გერონტი ქუთაისის საბავშვო სახლში მიაბარეს თავის სამ დედ-მამიშვილთან ერთად, საიდანაც 11 წლის ასაკში შვილად აიყვანა ოზურგეთის რაიონის სოფელ ბოხვაურის მკვიდრმა პელო ღლონტმა, გარდაცვლილი იაკინთე ღლონტის ქვრივმა. გერონტი ღლონტი სიცოცხლის ბოლომდე ბოხვაურში ცხოვრობდა, თავის კარ-მიდამოში შექმნა ეთნოგრაფიული გარემო, რომელშიც შერწყმული იყო ლეჩხუმური და გურული ტრადიციები. ამ კარმიდამოში გაატარა მან მთელი ცხოვრება და 2004 წლის 27 ოქტომბერს მძიმე სენით გარდაიცვალა საკუთარ სახლში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
გერონტი ღლონტი თვითნასწავლი მხატვარი იყო. მას გრაფიკოსი მხატვარი შეიძლება ვუწოდოთ, მაგრამ მრავლადაა მის შემოქმედებაში ფერწერული ტილოებიც. მას ასობით ნახატი აქვს შექმნილი, რომელსაც არ ჰყიდდა, მხოლოდ დაინტერესებულ, შემოქმედების მოყვარე ადამიანებს ჩუქნიდა. როგორც ოჯახის წევრები აღნიშნავენ, მას 500-ზე მეტი ნამუშევარი აქვს გაჩუქებული. გერონტის იყო ბათუმის მხატვართა კავშირის წევრი, მონაწილეობა აქვს მიღებული არა ერთ ეროვნულ თუ საერთაშორისო გამოფენებში. მისი ნახატები ინახება ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ბათუმის სამხატვრო გალერეის ფონდსა და არა ერთი უცხოელისა (არგენტინა, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი) თუ თანამემამულის ოჯახში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.