თბილისში მულტიმედია განათლების ცენტრში კონფერენცია "თბილისის ურბანული განვითარების გამოწვევები: დიალოგი ეფექტიანი პოლიტიკისთვის" გაიმართა. კონფერენცია თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორმა, დევიდ სტოუნჰილმა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის "სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის" ხელმძღვანელმა, თამარ ქაროსინაძემ გახსნეს.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს თბილისის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრის პროცესის შესახებ, ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორს შორის დიალოგს. მიუხედავად ბოლო წლებში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებებისა, საქართველოს დედაქალაქი კვლავაც რამდენიმე სისტემური პრობლემის წინაშე დგას: გადატვირთული და მოუწესრიგებელი საგზაო მოძრაობა, საგზაო შემთხვევები, ქაოტური მშენებლობები, რომელსაც თან ახლავს მწვანე სივრცის შემცირება. ეს პრობლემები სერიოზულად აუარესებს თბილისში ცხოვრების სტანდარტებს, აფერხებს მისი მდგრადი განვითარების პერსპექტივებს და ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ჯანდაცვას და ქალაქის ეკონომიკას.
როგორც ქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დედაქალაქი სწრაფად იზრდება, რის გამოც მერია მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს ქალაქში მოძრაობის მოსაწესრიგებლად.
"დედაქალაქი ძალიან სწრაფად იზრდება, სწრაფად ფართოვდება და შესაბამისად, ჩვენი უმთავრესი გამოწვევაა, ამ ყველაფერს ვუპასუხოთ. სწორედ ამიტომ კეთდება ქალაქის განაშენიანების გეგმა, სწორედ ამიტომ მივიღეთ ჩვენ გარემოს დაცვის სტრატეგია და ინტენსიურად ვმუშაობთ ქალაქის გამწვანებაზე. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროგრამებსა და პროექტებს, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ უბნებში გადაადგილების გაადვილებასა და მოწესრიგებას უკავშირდება,"_განაცხადა ნარმანიამ.
კონფერენციაზე ასევე მოხსენებებით წარდგნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, აგრეთვე მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები. გარდა ამისა, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე კონკრეტული რეკომენდაციები წარადგინეს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა – "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის", "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის", "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს", "მწვანე ალტერნატივას", "CRRC – საქართველოს" და "თბილისის ტრამვაის" – წარმომადგენლებმა.
კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ შვედეთის სატრანსპორტო ადმინისტრაციის და ფრანგული კომპანია "სისტრას" ექსპერტები.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს დეპუტატები.
როგორც კონფერენციაზე გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 6%-ით გაიზარდა, თუმცა, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის 95%-ის თავიდან აცილება ქალაქში მოძრაობისა და ინფრასტრუქტურის სწორი დაგეგმარებით არის შესაძლებელი.
"საგზაო უსაფრთხოების კუთხით ცუდი სტატისტიკაა. მიგვაჩნია, რომ უნდა ჩამოყალიბდეს კონკრეტული უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, რამდენიმე უწყება მუშაობს ამ სფეროზე, თუმცა არ არსებობს ერთიანი მაკოორდინერებელი უწყება. თუ გადაიჭრება ეს საკითხი, ვფიქრობ, სახელმწიფო პოლიტიკა უფრო ეფექტური იქნება", – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა.
როგორც კონფერენციაზე თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, მერიას საცობებთან ბრძოლის 5 მიმართულება აქვს. ესენია: საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე რეგულაციები, რაც გულისხმობს მანქანების ტექნიკურ დათვალიერებას, დასუფთავების მანქანებისთვის გრაფიკის შემოღებას, მარჯვენა საჭიანი მანქანების აკრძალვას, მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგს, კიდევ ერთი მიმართულებაა, ტექნოლოგიური ნაწილი, რაც შუქნიშნების პროექტს გულისხმობს და გარდა ამისა, დაგეგმილია სოციალური კამპანიები საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა კონფერენციაზე წარადგინა პროექტი, სადაც ასახული იყო ყველა ის მიზეზი რაც დედაქალაქში საცობებს იწვევს.
მისი თქმით, რკინიგზის შემოვლითი ხაზის გაყვანას და სამარშრუტო ტაქსების სადგურის ქალაქგარეთ ტერიტორიაზე გადატანას, ხოლო მათ ადგილას ესტაკადების აშენებას გზაზე საცობების განსამუხტად დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ფრანგული კომპანია "სისტრას" ექსპერტმა, მარკ ჟოლმა აღნიშნა, რომ ახალი ესტაკადების აშენებით საცობებით გამოწვეული პრობლემა ვერ გადაიჭრება და ხელისუფლებას ახალი გზების გაყვანამდე დაფიქრება მართებს.
კონფერენციაზე ასევე განიხილეს ფეხით მოსიარულეთათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და თბილისის ურბანული განვითარების სტრატეგია.