ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში საარჩევნო პროცესს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, პარლამენტარ, “ფრაქცია “ქარულ ოცნების“ თავმჯდომარესთან გიორგი ვოლსკთან ერთად რამდენიმე საათი აკვირდებოდა.
გუბერნატორის გადაადგილებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ადევნებდნენ თვალს და მისი მისამართით რამდენიმე ბრალდებაც გააჟღერეს.
ლევან ბეჟაშვილი “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება უხარისხოდ მიმდინარეობს:
“ კარგი იქნება, თუ გურიის გუბერნატორი ყურადღებას მიაქცევს დაბა ნასაკირალში მიმდინარე ე.წ. ინფრასტრუქტურულ პროექტს , ვითომ, რომ აკეთებენ ჩავარდნილ გზას, ორი დღის განმავლობაში აქ ვიმყოფებით და ამ გზაში ჩაყრიან ტრაილერებით მიწას და ყოველ დილას იწევს და იწევს.
გუშინაც ყრიდნენ მიწას, გაასწორეს და დღეს ისევ დაწეულია, მით უმტესად, რომ არც გაწვიმებულა. გზის მშენებლობა მიდის უხარისხოდ , ეტყობა, რომ არ არსებობს არანაირი პროექტი და ჯობია, რომ ასეთ მშენებლობებს მიაქციონ ყურადღება, ვიდრე აქ იყვნენ და გასწიონ აგიტაცია პროპაგანდა“_ამბობს ბეჟაშვილი.
გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე აღნიშნულთან დაკავშირებით “გურია ნიუსთან“ ასეთ კომენტარს აკეთებს:
“მე გუშინაც ვიყავი აქ, ერთი კვირის წინაც ვიყავი, ხვალაც მოვალ, ზეგაც, არ გაჩერებულა ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვარ დღეს აქ, იმიტომ, რომ უაზრო აჟიოტაჟი ატეხეს ჩვენმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა, თითქოს და ძალოვნებს მოჰყავთ ამომრჩევლები, აქ იმყოფება “ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი, “მათ, კი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავთ საკმაოდ ბევრი წარმომადგნელები ჩამოყვანილი, ასე ვთქვათ დესანტი ჰყავთ გადმოსხმული, ასევე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ჩვენ გადავაადგილდებით სამსახურეობრივი ავტომანქანით, მიუთითონ რომელი მანქანა, სად და როდის გადაადგილდებოდა, მსგავსი რამ ნამდვილად არ ყოფილა, იმისთვის რომ სიმშვიდე შენარჩუნდეს, ვარ აქ“_ამბობს გუბერნატორი.
რაც შეეხება ლევან ბეჟაშვილი მიერ გაკეთებულ განცხადებას, სალუქვაძე გვპასუხობს:
“ლევან ბეჟაშვილს გადაეცით ჩემგან, რომ , იმ ადგილას სადაც მიმდინარეობს გზის მშენებლობა, ზუსტად მანდ არის მეწყერული მოვლენები, სრულად წარმოდგენა რომ არ აქვს, ამაზე. ჩვენ მანდ ვაკეთებთ სრულად მოასფალტებულ გზას, შემოგვაქვს ასობით ტონა ბალასტი, ეს დღეს შევაჩერეთ ჩაყრა. იმიტომ, რომ არჩევნებია და არ გვინდოდა ყოფილიყო ხელშემშლელი ფაქტორი.
მობილიზებულია ტექნიკა და რა თქმა უნდა ის ადგილი იქნება გამაგრებული, ბუნებრივ მოვლენებს და მეწყერებს გია სალუქვაძეს ნუ დააბრალებს ბეჟაშვილი და ისე თუ თვალს გაახელს და დაინახავს. ალბათ, პირველად არის ჩამოსული დაბა ნასაკირალში, რომ აქ ძალიან ბევრი არმ კეთდება.
მარტო 2000 კუბი ბალასტი არის დაყრილი და მოიხრეშა გზები. ის საინჟინრო საქმეებში გათვითცნობიერებული ყოფილა და მაინტერესებს ასეთი მოვლენები არ იყო 9 წლის წინ, რომ არ გააკეთეს არაფერი? და ერთიც კიდევ თავი გაანებოს პროპაგანდას“-ამბობს სალუქვაძე.