ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს, კორცხელში მომხდარი ინცინდენტი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო პროვოცირებული.
"პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ყოველგვარი აგრესია და ძალადობა საარჩევნო პროცესში. სამწუხაროა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სოფელ კორცხელში მაინც შეძლო პროვოკაციის მოწყობა. მათი გეგმით განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ადრესატი იყო დიპლომატიური კორპუსი, რომელსაც უნდა შექმნოდა არჩევნების არასათანადო გარემოში ჩატარების მცდარი განცდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საარჩევნო პროცედურების დასრულებამდე იგეგმება სხვა პროვოკაციული ქმედებებიც, რაზეც მიანიშნებს რამდენიმე საარჩევნო უბნის გარშემო საეჭვო ადამიანების კონცენტრაცია. გარდა ამისა, გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" განზრახული აქვს სოფელ კორცხელის საარჩევნო უბნის "ჩაშლა". "ნაციონალურ მოძრაობას" კორცხელში ჩაყვანილი ყავს ზაზა კედელაშვილის ზონდერჯგუფები, რომელთაც კონკრეტულად ხელმძღვანელობს გიგა ბოკერია და ბატონი ბეჟაშვილი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ცოტა მოგვიანებით კიდევ გავაკეთებთ განცხადებას, სადაც ფოტო სურათებით დეტალურად მოგაწოდებთ კონკრეტულ ინფორმაციას იქ ჩაყვანილ ზონდერ პიროვნებებზე.
გვაქვს ინფორმაცია რომ უბნების დახურვის შემდგომაც გაგრძელდება პროვოკაციები. მოვუწოდებთ მოსახლეობას არ აყვნენ არავის და არ გახდნენ ნაციონალების დაგეგმილი სცენარის უნებური მონაწილეები. ამჯერად, მოდის შეტყობინებები, რომ მედიას არ აცლიან ადგილზე მუშაობას და ზოგიერთმა პროვოკატორმა ქვების სროლა დაუწყო ჟურნალისტებს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა მინდა ვთხოვო შესაბამის ორგანოებს, ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებს უმკაცრესად აღკვეთონ ნებისმიერი სახის ფიზიკური დაპირისპირება, გამოავლინონ თითოეული ის პირი, ვინც ქვას ისვრის ან სხვა სახის პროვოკაციებს აწყობს, მაქსიმალურად დაიცვან ამომრჩეველი, საარჩევნო უბნები და უზრუნველყონ მედიის უსაფრთხო და თავისუფალი მუშაობა! მინდა აქვე დავამატო პირადად ჩემგან, როგორც რიგითმა მოქალაქემ მე ძალიან კარგად მახსოვს, როცა ქვას გესვრიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, და მთელს ძალისხმევას მივმართავ პირადად მე, რომ მსგავსი უმსგავსობა და ველურობა ვერაასდროს გაიმეოროს "ნაციონალურმა მოძრაობამ", მაქსიმუმს გავაკეთებ მეც და მოვუწოდებ ყველას – არ დავუშვათ "ნაციონალური მოძრაობის" სცენარით მოვლენების განვითარება. არ დავუშვათ, რომ ჩვენი უმთავრესი მონაპოვარი დემოკრატიული და ცივილური არჩევნები ჩვეულებისამებრ ძალადობის და უკანონობის პოლიგონად გადააქციონ. მე ვაპატიე იმ ადამიანებს, ვინც ქვას ჩემი მიმართულებით ისროდა – მაგრამ ვერ და არ ვაპატიებ იმათ ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალიტებს ესვრის ქვას!", _ აღნიშულია კალაძის განცხადებაში.