დაბა ნასაკირალში შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული დეპუტატი ბესო ქათამაძე ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ხვდება.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ბესო ქათამაძემ მიხეილ სააკაშვილისგან მოწვევა 22 მაისს, არჩევნების დღეს მიიღო.
"ჩვენმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში დაპატიჟა გამარჯვებული კანდიდატი. მიხეილ სააკაშვილი და ბესო ქათამაძე სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ." – გვითხრა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ.
ბესო ქათამაძემ ჩვენთან საუბრის დროს თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ისაუბრა გურიაზე და 8 ოქტომბრის არჩევნებზე.
"ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ რჩება გურია ერთ-ერთ უღარიბეს კუთხედ. ასევ საუბარი იყო 8 ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენ გვაქვს გამარჯვების იმედი და ყველა იმ საქმის გაკეთებას ვაპირებთ, რომელიც შეჩერებულია ქვეყანაში." – გვითხრა ბესო ქათამაძემ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოდესაში ასევე იმყოფებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები.