დეკორაციული მებაღეობა თავისი მაღალმხატვრულობით და ფანტასტიური მოწყობილობით ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვეულებრივი მემცენარეობისგან. დეკორაციულ ნარგაობათა მნიშვნელობა შემდეგში მდგომარეობს: ნარგაობებს დაჩრდილვის უნარი აქვთ, ჰაერს ასუფთავებენ ქიმიურად, ფიზიკურად და საგრძნობ გავლენას ახდენენ ჰაერის ტემპერატურაზე. ნარგაობანი ადიდებს შეფარდებით ტენიანობას, ამცირებს ხმაურს, გააჩნიათ ხანძრის საწინააღმდეგო მნიშვნელობა, იცავენ ადამიანებს მიკრობებისგან და ნაირგვარი დაავადებებისგან, ისინი ვიტამინების და პროვიტამინების წყაროა, მათი მრავალნაირი ფერები იწვევენ ნერვული სისტემის გარდაქმნას და ბოლოს ბუნების მელოდიები ორგანიზმის დადებითი გამაღიზიანებლებია _ ისინი ორგანიზმში განაპირობებენ კეთილგანწყობილ ფსიქიკურ და ფიზიოლოგიურ პროცესებს.
დეკორაციული მებაღეობის ერთ-ერთი წარმომადგენელია მარადმწვანე ბუჩქოვანი ჭანჭყატი, რომლის ფოთლები ოვალური, ტყავისებრი და კვერცხისებური ოვალურია. ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან ღია მწვანე და დაკბილული. მცენარე სწრაფად იზრდება, ეგუება დაჩრდილვას, ყინვაგამძლეა. ის ქალაქის პირობებს კარგად ეგუება, იტანს გასხვლა-გაფორმებას და ისედაც ლამაზი, ფორმაში მოქცეული გაცილებით მიმზიდველია.
გაზაფხულზე, ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე (ჭავჭავაძის ქუჩა) გააშენეს ამ მცენარის ნარგავები, რომლებმაც კარგად გაიხარა და როგორც მოსალოდნელი იყო, შეეგუა ჩვენს კლიმატს. ერთი მხრივ, ეს სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, ნერგების შემოტანა საკარანტინო წესების დარღვევით მოხდა _ ფიტოსანიტარული მონიტორინგის გვერდის ავლით. მასზე დიდი რაოდენობითაა პოლიგაფი (მრავალჭამია) მავნებელი, რომელიც ბევრ მცენარეს აზიანებს (ციტრუსების ყველა სახეობას, მარადმწვანე დეკორაციულ ნარგავებს და სხვა). მავნებლის მატლები წუწნით აზიანებენ ფოთლებსა და ახალგაზრდა ყლორტებს. კვების პროცესში მატლების მიერ გამოყოფილ ექსკრემენტებზე სახლდება საპროფიტული სოკოები, რითაც ამცირებენ ფოთლის საასიმილაციო ზედაპირს და აშავებენ მათ.
დედალი მწერი ფორმით ოვალურია, ამობურცული, მოყვითალო ან ყავისფერი. სქესობრივად მომწიფებული დედლები გამოყოფენ საკვერცხე ჩანთას (ოვისაკს), რომლის სიგრძე მერყეობს და დამოკიდებულია კვერცხის პროდუქციაზე.
ოვისაკის ზედა მხარე ხასიათდება სიგრძივი, ოდნავ ამობურცული ზოლებით. მამლები ფრთიანია, მოყვითალო სხეულით. ულვაშები _ ძაფისებრი, პირის ორგანო _ რედუცირებული და ამიტომაც არ იკვებებიან. მავნებელი პოლიფაგია და გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ხოლო ჩვენში შავი ზღვის სანაპირო ზოლში გაშენებულ ციტრუსებზე (აჭარა). კვერცხის რაოდენობა 2000 ცალს აღწევს. ჩვენს პირობებში იძლევა 2-4 თაობას და გააჩნია უდიდესი უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა.
ამჟამად მავნებელი იმყოფება კვერცხის ფაზაში. ამ დროს მასზე ქიმიური წამლობის ჩატარება არ შეიძლება, რადგან პესტიციდები (შხამი) კვერცხის ფაზას ნაკლებად ხოცავს. გაზაფხულის თბილი დღეების დადგომისას ის თანდათან (და არა ერთბაშად) გამოდის კვერცხის ფაზიდან და მოხეტიალე მატლები დაიწყებენ მცენარეზე გადაადგილებას. ამიტომ ,საჭიროა პესტიციდით შესხურება ჩატარდეს პირველი ხნოვანების მატლების მასიურად გამოჩენისთანავე.
რაკი ჩვენი ქალაქის ქუჩებში ასე ლამაზად გამოჩნდა მარადმწვანე დეკორატიული ბუჩქები, აუცილებელია, მომავალ წელს გავითვალისწინოთ რჩევები და დროულად მოვახდინოთ შეწამვლა, რათა უამრავი სიკეთის მომტანი ბუჩქოვანი გაზონები მავნებლის საშიშ ბუდეებად არ იქცეს!
ანგელინა ნიკოლაიშვილი,
ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი