ას წელზე უხნესი თხილი, რომელიც ერთი შეხედვით მუხა ან წიფელა უფრო გეგონება, თავს "შეუძლოდ" სულაც არ გრძნობს და პატრონის თხილის პლანტაციაში, მეზობლის ღობესთან ისე დამდგარა, თითქოს, მესაზღვრის ფუნქციაც შეუთავსებია.
_ 65 წლის ვარ და გადმოცემით ვიცი, რომ პავლე ბაბუას დარგულია. ას წელზე მეტი ხნისაა. ჯიშიც უცნაური აქვს. ველური თხილის სახეობაა, სქელნაჭუჭიანი, მსხვილი ნაყოფით. ხშირად 60 კილოგრამი თხილი მომიკრეფია ამ ძირზე. ფესვებთან ახლოს ყოველთვის ვუფრთხილდები ნაყარს, ნერგს გამოვყოფ ხოლმე და მერე სხვა ადგილზე ვრგავ. თუმცა, ვნანობ, რომ ადრიდანვე არ დავიწყე ამ უცნაური თხილისგან ნერგების აღება, _ გვიამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მცხოვრები ნუგზარ ანთიძე.
მის მიერვე თხილისთვის შერქმეული "მარჩენალი ველურას" მეტსახელი, მისივე თქმით, მთლად იუმორს არ ექვემდებარება და ამ ხეს, საოჯახო პლანტაციის 10-15 ძირი თხილის შესატყვისი მოსავალიც მოუცია:
_ იყო წლები, 60-70 კილოგრამი მოვკრიფე მარტო ამ ძირზე, _ ამბობს ის და ბავშვობის ხეს სევდაშეპარული მზერით აკვირდება.
ახლა გადაწყვეტილი აქვს, შემხმარი ტოტები გამოხშიროს, შედარებით ძველი ღეროები გამოჭრას და გაახლებაში შეუწყოს ხელი. ამბობს, რომ ეს ჯიში საუკეთესოა შემოსავლის თვალსაზრისით _ როგორც წესი, ყოველ წელს მსხმოიარობს, მძიმე წონა აქვს, შედარებით გვიან, სექტემბრის ბოლოს შემოდის და ფასიც უფრო აწეულია ამ დროისთვის, მსხვილკაკალაა, ბერძნულას ჩამოჰგავს, მაღალი ზეთიანობით ხასიათდება და არის გემრიელი.
_ შევცდი, რომ თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღებით არ მოვეკიდე ამ ჯიშის გამრავლების საქმეს. ასეთი თხილის ცალკე პლანტაცია უნდა გქონდეს კაცს, თუ გინდა მოსავლის უტყუარობაში იყო დარწმუნებული, _ ამბობს ის.
მეზობლები ხშირად ხუმრობით კითხულობენ, ეს წიფელაა, მუხა თუ თხილი? ნუგზარ ანთიძე პასუხს არ აგვიანებს: _ არც ერთი არაა. ბატონო, ჩემი "მარჩენალი ველურაა", ჩემი ბავშვობის მეგობარი, იშვიათი და განსაკუთრებული. თუ ძალიან შემეხვეწებით, ნერგს გაჩუქებთო, _ ხუმრობს და დანაპირების შესრულებამდე ღიმილს გვჩუქნის…
წარმატება ვუსურვოთ ბატონ ნუგზარს, "მარჩენალი ველურას" პლანტაციის გაშენების საქმეში _ თხილს ხომ სამი წელიც ჰყოფნის, წელში გაიმართოს და პირველი მოსავალი მოგვცეს.