რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრის, გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.
კანონპროექტი იმ სუბიექტთა წრეს განსაზღვრავს, ვინც გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გამგებლის/მერის მოვალეობას შეასრულებს.
კანონპროექტის ინიციატორის და მომხსენებლის განცხადებით, ყველა შენიშვნა, რომელიც პროექტთან დაკავშირებით განხილვების პროცესში გამოითქვა, გათვალისწინებულია.
რაც შეეხება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პაატა კიკნაველიძის წინადადებას, რომ გამგებლის/მერის უფლებამოსილების შესრულება ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, გამგებლის მოადგილის ნაცვლად, საკრებულოს თავმჯდომარეს დაეკისროს, ხოლო მის მიერ უარის თქმის შემთხვევაში საკრებულომ მოვალეობის შემსრულებელი გამგეობის/მერიის მაღალი თანამდებობის პირთაგან განსაზღვროს, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, პროექტში ნაწილობრივ აისახა და კანონით განისაზღვრა, რომ გამგებლის/მერის უფლებამოსილების შესრულება საკრებულოს თავმჯდომარეს დაევალება.