საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილება შედის, რომლის შესაბამისადაც მოხდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების რეგლამენტაცია, რომელიც განსაზღვრულია კანონპროექტებით „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს კანონში „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“.
წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტი დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის საპროცედურო საქმეთა და წესების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.
კანონპროექტი კომიტეტს პარლამენტის წევრმა, ნოდარ ებანოიძემ წარუდგინა. მისი განმარტებით, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, იცვლება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 52-ე მუხლი, კერძოდ მიეთითება, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწარმოებს საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის წარმოდგენილი პროექტის თანახმად კი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტთან დაკავშირებით არსებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 260-ე მუხლი იცვლება იმგვარად, რომ დღეს არსებული ზოგადი სახის ჩანაწერის ნაცვლად მკაფიოდ ჩამოყალიბდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვის პროცედურები.
პაკეტში წარმოდგენილი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, ხდება იმ ცვლილების შესაბამისი დებულებების ასახვა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში.
კომიტეტის წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას.