ფირალობის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი სასამართლო სისტემასა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც გახლდათ.
იმდროინდელი პრესა შეშფოთებით წერდა, რომ მთელი გურია გაიყო ორ ბანაკად, რომელთა შორის გააფთრებული მტრობაა.
“…სუდიელებმა (სასამართლომ) გაცილებით გადააჭარბეს პოლიციელებს. თუ პოლიციამ იცნო ავაზაკი და დაიჭირა, ქვეყნის დამაქცევალიც რომ იყოს, როგორც სამსჯავროში გადავა საქმე, მაშინვე გამოუშვებენ.
როცა მაზრის უფროსთან მიდიან სათხოვრად, ამა და ამ ავაზაკისგან დაგვიფარეო, ის უარს ამბობს: “ არაფერი არ შემიძლია, მე რომ დავიჭირო, მსაჯული მაინც გამოუშვებსო და ტყუილად რათ გადავიმტერო მთელი ქვეყანაო”.
გურიაში ერთმანეთს არა მარტო სასამართლო და პოლიცია დაუპირისპირდა, არამედ ყაჩაღები და მათი მფარველებიც.
“როგორც გვამცნობებენ, გურიაში რამდენიმე მებუდეებია ავაზაკებისაო, რამდენიმე მოთავე კაცები ჰყავთ და ეს მოთავე კაცები უბრალო გავარდნილი გლეხები როდი არიან, კეთილშობილად ითვლებიანო”.
თურმე, ერთხელ, ერთ კაცის (გაზეთში მოყვანილია მისი ინიციალები _ თ. მ. ნაკ., რის მიხედვით თავადი ნაკაშიძე უნდა ყოფილიყო) სახლს ცეცხლი გაუჩინეს, რადგან მას ფირალების მფარველობა ბრალდებოდა.
პატრონმა მაშინვე ყვირილი ატეხა და “ერთ მინუტში ასამდი მოგროვდა კაცი”, სახლის გადარჩენა შეიძლებოდა, რადგან გვერდით პატარა ღელე ჩამოუდიოდა.
მაგრამ მიუხედავად ამისა, სახლი და ქონება მთლიანად დაიწვა, რადგან ღელეში ერთი წვეთი წყალი არ აღმოჩნდა. თ
ურმე ცეცხლის მოკიდებამდე მოწინააღმდეგე მხარემ ღელეს თხრილი გაუთხარა და წყალი სხვა მხარეზე გადაუშვა".
ამონარიდი ირაკლი მახარაძის წიგნიდან "გურული ფირალები"