ეუთო-მ საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, 23-29 აპრილს საქართველოში წინასაარჩევნო პროცესის შესაფასებლად ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლები (NAM) იმყოფებოდნენ, რომლებმაც შეხვედრები გამართეს სახელმწიფო ინსტიტუტების ოფიციალურ პირებთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სადაც აღინიშნა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა დიდია, მაგრამ უნდობლობას იწვევს საარჩევნო პროცესი დაბალი კვალიფიციის მქონე ადმინისტრაციული მოხელეების გამო, ასევე შეშფოთება გამოითქვა, რომ მიმდინარეობს ზეწოლა პოლიტიკურ პარტიებზე და ამომრჩევლებზე.
ეუთო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში ამომრჩეველთა რეგისტრაცია პასიურად მიმდინარეობს, რაც ბიომეტრული პასპორტების მოდიფიცირებითაა გამოწვეული და პასუხისმგებელ ინსტიტუტებს პროცესის ორგანიზებისკენ მოუწოდებს.
ეუთო-ს ინფორმაციით, რომ საქართველოში მედია მრავალფეროვანია, მაგრამ უმეტესად პოლიტიზირებული და პოლარიზაციული.
ეუთო შეშფოთებულია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სასამართლოში მიმდინარე საქმეზე და ცნობილ წამყვანებსა თუ ჟურნალისტებზე ზეწოლის გამო, რადგან ეს ხელს უწყობს საარჩევნო პროცესის გასაშუქებლად რთული გარემოს შექმნას.
ეუთო აღნიშნავს, რომ საქართველოში ტელევიზია ერთადერთი წყაროა არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად, თუმცა "საზოგადოებრივი მაუწყებელი" "რუსთავი 2" და "იმედი" ახერხებენ საარჩევნო პროცესის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაშუქებას, სხვა ტელევიზიები, "მაესტრო" "კავკასია" და "9 არხი" მხოლოდ თბილისით შემოიფარგლებიან.
ეუთო გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, ტელევიზას შესაძლოა საარჩევნო პროცესის გაშუქებაში დაბრკოლებები შეექმნას, მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლობის კანონის მიხედვით, ყველა ტელეკომპანიამ უნდა უზრუნველყოს საარჩევნო პროცესის პლურალისტული და არა დისკრიმინაციული გაშუქება.
როგორც ცნობილია, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლების (NAM) რჩევაა, ქვეყნის მასშტაბით, ეუთო-ს წევრი სახელმწიფოებიდან, წინა საარჩევნო პროცესის მონიტორინგისთვის 28 გრძელვადიანი დამკვირვებელი, ხოლო არჩევნების დღეს მონიტორინგის განსახორციელებლად 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი გაიგზავნოს.