დღეს ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მრავალბინიანი კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.
შეხვედრას ISLET GROUP-ის წარმომადგენელი იური ჯიბუტიც ესწრებოდა.
მოსახლეობა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, კორპუსთან მოშორებით, გაზსატუმბი სადგურის მშენებლობას აპროტესტებს.
ბეგლარ სიორიძე მოქალაქეებს გაესაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თავადაც არ მოსწონს აღნიშნულ ტერიტორიაზე გაზსატუმბის განთავსება, მაგრამ კანონი უფლებას არ იძლევა, მესაკუთრეს მის კერძო ნაკვეთზე კანონის ყველა ნორმით დაცული სამეწარმეო საქმიანობა აეკრძალოს.
,,ვინაიდან მოსახლეობა გაზსატუმბი სადგურის აშენების წინააღმდეგია, ვთხოვე ინვესტორს, იქნებ აღნიშნული გაზსატუმბი სხვა ადგილზე გადაიტანონ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების აზრი და ამიტომაც მე მათ გვერდით ვდგავარ.
სირცხვილი იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ ადამიანების თავიანთი პოლიტიკური ამბიციებისათვის გამოყენებას ცდილობენ. საბედნიეროდ, ოპოზიცისგან განსხვავებით ეს ადამიანები და მთლიანად ოზურგეთელები კარგად ხედავენ თუ რამდენი რამ კეთდება ქალაქში.
ყველანაირად ვეცდები ინვესტორსა და მოსახლეობას შორის საერთო ენა გამოიძებნოს და გაზსატუმბის სხვა ტერიტორიაზე განთავსების შეთანხმება შედგეს.“ – განაცხადა ქალაქის მერმა.
ბეგლარ სიორიძემ ISLET GROUP -ის წარმომადგენელს სთხოვა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას დაელაპარაკოს და მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინოს.
(R)