"მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სატრანსპორტო საშუალებების და საგზაო ინფრასტრუქტურის მისაწვდომობა. ამ კუთხით გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ძირითად შემთხვევებში არ ხდება აღნიშნულ პირთა ინტერესების და მოთხოვნილებების გათვალისწინება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სხვების თანასწორად ვერ სარგებლობენ როგორც საზოგადოებისთვის განკუთვნილი ავტობუსებით და მიკროავტობუსებით, ისე ფინანსურად ერთ–ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებით – თბილისის მეტროთი, რის გამოც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებიან. სახელმწიფო არ ზრუნავს საკითხის კომპლექსურ გადაწყვეტაზე – არსებული მეტროსადგურების ინფრასტრუქტურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებაზე", _ წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2015 წლის ივლისის თვეში საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ ამავე წლის 28 ივლისიდან სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა განაახლა მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" სამშენებლო სამუშაოები. ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის25 თანახმად, პროექტის ფარგლებში იგეგმებოდა ახალი მეტროსადგურის ამოქმედება ვაჟა–ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ "უნივერსიტეტამდე".
ამასთან, მშენებლობის ფარგლებში გათვალისწინებული იყო არსებული გვირაბების რესტავრაცია, სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა შენობების, მეტროდან ამოსასვლელების, სალიანდაგო ხაზების, ესკალატორების და სხვა ობიექტების მოწყობა.
აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2015 წლის 29 ივლისს ოფიციალურად26 გამოითხოვა ინფორმაცია ზემოთ დასახელებული მეტროსადგურის მშენებლობის პროექტით ობიექტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის და „უნივერსალური დიზაინის" პრინციპების გათვალისწინების თაობაზე. მიღებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ მეტროსადგურ „უნივერსიტეტის" მშენებლობის პროცესში ხელისუფლება არ გეგმავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას. აღნიშნულის ძირითად მიზეზად საბჭოთა პერიოდის ნორმების შესაბამისად უკვე აშენებული გვირაბების და სხვა ნაგებობების კონსტრუქციისა და გეომეტრიული პარამეტრების შეცვლასთან დაკავშირებული პრობლემები სახელდება. ცხადია მოცემული გადაწყვეტილება ამ პირთა უფლებების დარღვევასთან ერთად, სამომავლოდ გამოიწვევს დამატებითი რესურსის ხარჯვას ახალი მეტროსადგურის ინფრასტრუქტურის ადაპტირებისთვის.
"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" გაეროს კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, მისი დებულებების შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერი, განსაკუთრებით კი, ახალი/განახლებული შენობა–ნაგებობის, ტრანსპორტისა თუ კომუნიკაციის მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის „უნივერსალური დიზაინის"27 პრინციპების მაქსიმალური გამოყენებით. შესაბამისად, დასახელებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს საერთაშორისო ხელშეკრულების პირობების დარღვევას, ადამიანის ძირითადი უფლებების უგულებელყოფას და ვერ გამართლდება ტექნიკურ ან/და ფინანსურ პრობლემებზე მითითებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის 28 ოქტომბერს, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით 28 მიმართა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, მეტროსადგურ „უნივერსიტეტის" მშენებლობის პროექტით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებების და „უნივერსალური დიზაინის" პრინციპის გათვალისწინების თაობაზე, რათა მეტროსადგურის ყველა კომპონენტი (მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, მეტროდან ამოსასვლელები, ესკალატორები და სხვ.) მისაწვდომი იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
რა წერია სამთავრობო სამოქმედო გეგმაში
მისაწვდომობის უფლებასთან მიმართებით მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ის, თუ როგორ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სატრანსპორტო საშუალებების და საგზაო ინფრასტრუქტურის მისაწვდომობის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულების მიერ.
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მე–16 მუხლის თანახმად, სწორედ მათ უფლებამოსილებას განეკუთვნება როგორც მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ისე მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და შესაბამისი წესების რეგულირება. ი იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ამ კუთხით მუნიციპალიტეტების ვალდებულებები გაწერილია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის" 2014–2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმით, რომლის თანახმად, დასახელებულმა სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ როგორც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის (გაჩერებები, გადასასვლელები, გზაჯვარედინები და შუქნიშნები) ადაპტირება დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, ისე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინება ახალი საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებების შეძენისას. მათვე ეკისრებათ ამ პირთათვის სპეციალური ადგილების გამოყოფა ავტოსადგომებზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მომუშავე მძღოლების ინფორმირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების საკითხებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" გაეროს კონვენციით, შიდა კანონმდებლობით და სამთავრობო–სამოქმედო გეგმებით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ, 2015 წლის განმავლობაში, გარკვეული პერიოდულობით გამოთხოვილი იყო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმართველობის იმ ორგანოებიდან, რომლებიც წარმოადგენენ როგორც რაიონულ ცენტრებს, ისე თვითმმართველ ქალაქებს (ამბროლაური, ახალციხე, გორი, ზუგდიდი, თელავი, მცხეთა, ოზურგეთი, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი). მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი იყო მონაცემები: 2015 წლის ბიუჯეტში სატრანსპორტო საშუალებათა და ინფრასტრუქტურის ადაპტირების გათვალისწინებასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული სატრანსპორტო საშუალებების
შეძენასთან, აღნიშნულ პირთათვის ავტოსადგომებზე სპეციალური ადგილების გამოყოფასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მომუშავე მძღოლების ინფორმირებასთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების საკითხებზე, ზემოაღნიშნულ აქტივობებსა და ღონისძიებების ჩატარების გათვალისწინებასთან დაკავშირებით 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრისას.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან ადგილი ჰქონდა ინფორმაციის დაგვიანებით მოწოდებას. რიგ შემთხვევებში პასუხებში მოცემული ინფორმაცია იყო არასრული (თელავის მუნიციპალიტეტის მერია, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია) და არარელევანტური.
რა ხდება რეგიონებში
ხშირ შემთხვევებში მუნიციპალიტეტები არ ფლობენ საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებებს. მომსახურების ლიცენზია აქვთ კერძო კომპანიებს, რომლებიც მოსახლეობას ემსახურებიან თავიანთი კუთვნილი ტრანსპორტით.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული იყო საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებები. თუმცა, ბიუჯეტის ანალიზი ცხადყოფს, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ისევე როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული პროგრამების ფარგლებში, ცალსახად არ არის გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები და ინტერესები.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს მოეწყო პანდუსები გარკვეულ ობიექტებზე (სულ 6 ადგილი). ამასთან, ქალაქის ავტოსადგომებზე სპეციალური ადგილები გამოიყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მსგავსი ღონისძიებები განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტის მერიაშიც35 (2015 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მოხდა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების შესაბამისად მოეწყო 8 ობიექტი).
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ქალაქის 2015 წლის ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი კვლავ გადაუჭრელი რჩება საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებების შეძენისა და საგზაო ინფრასტრუქტურის ადაპტირების საკითხი, რაც გამოწვეულია სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობით.
ოზურგეთი სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ისევე როგორც სხვა თვითმმართველ ერთეულებში, ინფრასტრუქტურულ ნაწილთან მიმართებით განხორციელებული აქტივობები ძირითადად მოიცავს პანდუსების განთავსებას ტროტუარებზე. მუნიციპალურ დონეზე არ შესრულებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სამთავრობო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება სატრანსპორტო საშუალებათა ადაპტირებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამოქმედო
ტერიტორიაზე (28 ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულში) არსებული გაჩერებები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ამასთან, მუნიციპალურ სატრანსპორტო საშუალებებზე მომუშავე მძღოლები ინფორმირებულნი არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების საკითხებზე, ხოლო იმ ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც ფუნქციონირებს კერძო ტრანსპორტი, მძღოლების გადამზადება იგეგმება 2016 წლისთვის. მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულებში, ისევე, როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიაზე, შეზღუდული შესაძლებლობის პირებს არ ექმნებათ დაბრკოლებები საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის დროს. შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულები არ მიიჩნევენ საჭიროდ მათთვის სპეციალური ადგილების გამოყოფას.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის აპრილის თვეში მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარეობდა იაპონური არასაპროექტო გრანტის დამტკიცების პროცედურები, რომელიც ითვალისწინებდა თბილისის ტერიტორიაზე ჰიბრიდული ავტობუსების შემოყვანას. მერია შესაძენი ავტობუსების ტექნიკურ მონაცემებთან დაკავშირებით იტყობინებოდა, რომ ისინი მორგებული იქნებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. მიუხედავად აღნიშნულისა, დედაქალაქში ამ დროისთვის ჰიბრიდული ტიპის ავტობუსები შემოყვანილი არ არის. მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე იაპონიის მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აპირებდა დედაქალაქში ახალი, თანამედროვე M3 კატეგორიის ავტობუსების შემოყვანას, რომლებიც ადაპტირებული უნდა ყოფილიყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მიუხედავად ამისა, ბოლოდროინდელი მონაცემებით, დედაქალაქში დასახელებული ავტობუსების შემოყვანა არ განხორციელებულა.
რაც შეეხება ამჟამად მოქმედი ავტობუსის გაჩერებების შესწავლას და მათი კეთილმოწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს, ამ ეტაპზე კონკრეტული ღონისძიებები განხორციელებული არ არის. ამასთან, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარეობდა ჭავჭავაძის გამზირის მხრიდან ვაკის პარკში ჩასასვლელი სპეციალური ლიფტის მონტაჟი და პარკის ტერიტორიაზე სპეციალური პანდუსების განთავსება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების გაადვილების მიზნით. კერძოდ, სპეციალური ლიფტები დამონტაჟდა ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს და ოპერის წინ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში. თუმცა, დასახელებული ობიექტები (ლიფტი) ამ ეტაპზე (დეკემბრის თვის მდგომარეობით) არ ფუნქციონირებს. მერიიდან მიღებული წერილით ირკვევა, რომ აღნიშნული ლიფტების ექსპლუატაციისა და სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ამჟამად მიმდინარეობს მათი მოვლა–პატრონობაში გადაცემის პროცედურები.
ქუთაისის მერიიდან მიღებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს არ აქვს საკუთარი მუნიციპალური საავტობუსო სისტემა და ვერ ხერხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული ავტობუსების შეძენა, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათ შემუშავებული აქვთ კონცეფცია.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომებზე გამოყოფილია 179 ადგილი. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მომუშავე მძღოლების ინფორმირებას, აღნიშნული ტრენინგის სახით განხორციელდა 2015 წლის 29 დეკემბერს. 2016 წლისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტით, სხვა ღონისძიებებთან ერთად გათვალისწინებულია ხმოვანი შუქნიშნების მონტაჟი ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე.
ბათუმის მერიაში 2015 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით განხორციელდა სამუშაოები48 რამდენიმე ქუჩაზე. მერია 2016 წლისთვისაც გეგმავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას. მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ცალკეულ ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა გამო სატრანსპორტო საშუალებებზე თანაბარი მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან არ ხდება დროული და ეფექტური ღონისძიებების გატარება. მუნიციპალიტეტთა გარკვეული ნაწილის 2015 წლის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული სატრანსპორტო საშუალებების შეძენა და იგი არც 2016 წლისთვისაა დაგეგმილი (თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა). დასახელებული მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ფოთის მერია აღნიშნული ღონისძიების განხორციელებას 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის დროს გეგმავს. ამ მხრივ, აღსანიშნავია ბათუმის მერიის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი ავტობუსების შეყვანის ინიციატივა, რომლებიც იქნება ადაპტირებული და ამავდროულად ეკოლოგიური. უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში, თვითმმართველი ერთეულების 2016 წლის ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული არც ინფრასტრუქტურული სამუშაოების და არც სატრანსპორტო საშუალებების ადაპტირება/შეძენა (ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია, თელავის მუნიციპალიტეტის მერია).
მისასალმებელია რუსთავის მერიის მიერ გამოთქმული მზადყოფნა, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის პარკის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებებით განახლებასთან დაკავშირებით. პოზიტიურად უნდა შეფასდეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე სპეციალური ადგილების გამოყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და პარკირების ადგილების მონიშვნა. რამდენიმე მუნიციპალიტეტი (გორის მუნიციპალიტეტის მერია, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2016 წლისთვისაც გეგმავს ავტოსადგომებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სპეციალური ადგილების გამოყოფას. უნდა აღინიშნოს, რომ მცირე გამონაკლისების გარდა (გორის მუნიციპალიტეტის მერია) მუნიციპალიტეტებში არ დაწყებულა ახალი სამშენებლო ნორმების განხორციელებაზე ზედამხედველობა. უარყოფითად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ გამონაკლისების გარდა (მაგ. ქუთაისის მერია) მუნიციპალიტეტების მასშტაბით ჯერ კიდევ არ განხორციელებულა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების გადამზადება.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ გარკვეული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება სატრანსპორტო საშუალებებზე და საგზაო ინფრასტრუქტურაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი მისაწვდომობის უფლების რეალიზება“, _ აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.