საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ "სუფთა კოალიციური მთავრობა, ასეთი ეკონომიკის პირობებში, კიდევ ერთი პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის".
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდურ და ონლაინმედია საშუალებებთან შეხვედრისას განაცხადა.
"თუ შედგა სუფთა კოალიციური მთავრობა, რისი ალბათბაც ამ არჩევნებზე არის 1-2%, რაც ძალიან ცოტაა, ჩემი აზრით,ძალიან ბევრ ახალ პრობლემებს მივიღებთ. ეს შეიძლება ცუდი მაგალითი იყოს. ასეთი მთავრობები ძირითადად რესურების განაწილებაში არიან საკუთარი თავისთვის და სერიოზული რეფორმები რჩება უყურადღებოდ. ეს ხელს შეუშლის სწორი მიმართულებით განვითარებას.
ჩვენ გვქონდა კოალიცია პარლამენტში, მაგრამ მაშინ ჩემი პიროვნება აბალანსებდა სიტუაციას და მართვადი იყო. ახალ პირობებში, თუ 80 ხმაზე ნაკლებს მიიღებს "ქართული ოცნება", გარწმუნებთ, რომ სხვადასხვა რეფორმების გატარება ძალიან გაჭირდება", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მას კოალიციურ მთავრობასთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
"ასეთი ეკონომიკის პირობებში, ასეთი მცირე დაფინანსების პირობებში, ამდენი სიღარიბის და ამდენი უმშევრობის პირობებში, ძალიან რთული იქნება და ძალიან შეუშლის ხელს საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას. დემოკრატიას აღარფერი ემუქრება, "ნაციონალური მოძრაობა" თუ 10-5 კაცით მოვა, თამაშის წესებს ვეღარ შეცვლიან", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მოსახლეობამ მხარი "ქართულ ოცნებას" უნდა დაუჭიროს, თუ ქვეყანას რეფორმების გარძელება სურს.
"უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე, თუ გინდათ, რომ კარგი მთავრობა გყავდეთ, პრემიერს ჰქონდეს კარგი ზურგი. არ უნდა ვიფიქროთ, "ქართული ოცნება" ისედაც გაიმარჯვებს, ისედაც ეყოლება უმრავლესობა პარლამენტში, ეს ასე არ არის", _ განაცხადა ივანიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, კოალიციური მთავრობის პირობებში ვისთან ერთად ხედავს "ქართულ ოცნებას" პარლამენტში, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჟურნალისტებთან შეხვედრა 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.