დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შედგა, სადაც დღის წესრიგის წაკითხვამდე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი კვერღელიძის მიმართვით, დეპუტატებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
დღის წესრიგის პირველი საკითხის "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ბესიკ ქათამაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შესახებ“" _ ისაუბრა იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ეროდი გორდელაძემ და დეპუტატებს მიმართა, ეცნოთ ბესიკ ქათამაძის უფლებამოსილება.
"დაბა ნასაკირალის ოლქში, 22 მაისის შუალედური არჩევნების შედეგად, არჩეულია ბესიკ ქათამაძე და ახლა ჩვენ კენჭი უნდა ვუყაროთ მის უფლებამოსილებას," – მიმართა გორდელაძემ დეპუტატებს. მანვე აღნიშნა, რომ საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიამ ეს საკითხი განიხილა.
საკრებულოს დეპუტატებმა უკლებლივ დაუჭირეს მხარი და ცნეს ქათამაძის უფლებამოსილება.
თავის მხრივ ბესიკ ქათამაძემ მადლობა მოუხადა საკრებულოს წევრებს:
"მადლობას გიხდით ნდობისთვის და იმედი მაქვს, შევძლებთ თანამშრომლობას," – უთხრა მან კოლეგებს.