როცა სტატიის მომზადება დავაპირეთ, თავდაპირველად გოჩა ჩხაიძის დედას, ქალბატონ ნათელა ჩხაიძეს ვესაუბრეთ, რომელიც მუქარის ფაქტებზე ღიად საუბრობდა და დახმარებას გვთხოვდა. ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ქალბატონმა ნათელამ გვთხოვა, წერილის გამოქვეყნება შეგვეჩერებინა, იმ მიზეზით, რომ მასთან მივიდა რამდენიმე პირი და ამ თემაზე საუბარი აუკრძალა: _ ძალიან გთხოვთ, შვილო, თქვენც გაუფრთხილდით თავს, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, თქვენც არ დაგიშავონ რამე, _ გაგვაფრთხილა მან.
ამის შემდეგ, “გურია ნიუსი” გოჩა ჩხაიძეს საფრანგეთში დაუკავშირდა:
_ ბატონო, გოჩა, რამ გაიძულათ დაგეტოვებინათ საქართველო?
_ მაშინ, როცა მე წამოვედი საქართველოდან, ამის გაშუქება არ მინდოდა, რადგან ადამიანები საოცრად დაშინებულები არიან. მე დევნილი ვარ, იკითხეთ “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში, რატომ წამოვედი _ ვინც ჩემთან იყო მოსული, იქაც იყვენენ.
_ კონკრეტულად, ვისზე საუბრობთ?
_ პოლიციელებზე. მე დავტოვე საქართველო სექტემბრის შუა რიცხვებში.
_ რატომ?
_ საქართველოდან ჩემი წამოსვლის მიზეზი იყო აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია, პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ. გახსოვთ, ალბათ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე ჩემი გამოსვლა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარემ დარბაზის სასწრაფოდ დატოვება მომთხოვა. ეს ყველაფერი გროვდებოდა. მანამდეც მითვლიდნენ ჩემი “კეთილისმსურველები”, რომ დამეტოვებინა საქართველო.
_ ბატონო გოჩა, ვინ იყო თქვენი “კეთილის მსურველი” ?
_ მე მას შევარქვი “რამზეს მესამე”, ანუ რამაზ ნიკოლაიშვილი. ამის შემდეგ, ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა, იყო მუქარა, მითვლიდნენ, რომ დამეტოვებინა საქართველო, თორემ დამიჭერდნენ.
_ ვისი სახელით გითვლიდნენ?
_ ვერ დაგისახელებთ იმ კონკრეტული ადამიანების სახელებსა და გვარებს, რადგან შეიძლება მათ შეუქმნან საფრთხე. ეს ის ადამიანები არიან, ვინც შუამავლები იყვნენ ხელისუფლებასა და ჩემს შორის. მე მათგან არც ერთ შემოთავაზებს არ მივიღებდი და საქართველოს არ დავტოვებდი, რომ არა ერთი მეტად მწვავე და ამაფორიაქებელი გარემოება _ საქმე ჩემს შვილს ეხებოდა. რამაზ ნიკოლაიშვილთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა პიროვნებამ დამირეკა და მთხოვა, თუ შეიძლებოდა ჩემი ნახვა. მეც შევხვდი. დღეს ვერ გეტყვით, ვერც შეხვედრის ადგილს და ვერც იმ პიროვნების სახელსა და გვარს, მაგრამ მოვა დრო და გაიგებთ. დღეს რომ ეგ ვთქვა, ის კაცი აღმოჩნდება ძალიან ცუდ მდგომარეობაში. შეხვედრა შედგა ერთ-ერთ ოფისში. ამ კაცმა ამოიღო თავისი მობილური, გამომართვა ჩემიც, გათიშა, ამოიღო ელემენტები და გაიტანა მესამე ოთახში, მე კი მეუბნება: გოჩა, მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო. დამიჯერე და წადი საქართველოდან, თორემ დაგიჭერენ. ესენი ცუდი ხალხია და ქვეყნის მტრები არიან. მე ვერ ვიბრძვი, თუმცა, შენს ბრძოლას პატივს ვცემ, მაგრამ რამაზ ნიკოლაიშვილი გაგანადგურებს, აქ თუ დარჩები და სექტემბრის ბოლომდე არ დატოვებ ოზურგეთს. ჩვენ ამ ადამიანს ვერ გადავაფიქრებინეთ შენზე ცუდი განზრახვაო, _ მითხრა იმ ადამიანმა, რომელსაც გადავუხადე მადლობა, მაგრამ ვუთხარი, რომ მე ბრძოლას ბოლომდე ვაპირებ და არ მეშინია,-მეთქი. გავიდა რამდენიმე დღე, იყო სიჩუმე. ეს არც ოჯახში მითქვამს და არც არავისთვის.
13 აგვისტოს, ჩემი უმცროსი შვილი, რომელიც ოზურგეთში იყო, საღამოს 10 საათისთვის მიდიოდა გმირთა მოედანზე ერთ-ერთ სუპერმარკეტში. გაუჩერა შავმა ჯიპმა, ჩამუქებული მინებით, ჩაისვეს მანქანაში, რომელშიც ოთხი კაცი იჯდა და სცემეს. ბავშვი გამილახეს და უთხრეს, მამაშენმა ვერ შეიგნო, რაც უთხრეს და გააგებინე შენ, თორემ ორთავეს რომ დაგიჭერთ, მერე ნახავთ თქვენს სეირს. დატოვეთ ოქტომბრის ბოლომდე ქვეყანა, თორემ გაგანადგურებთ ოჯახიანადო.
_ რომელი უწყების თანამშრომლები ისხდნენ იმ ჯიპში?
_ როგორც ჩემი შვილი ამბობს, როცა აღმართში ამოდიოდა, თეატრის წინ გაუჩერეს მანქანა. იყო ოთხი პიროვნება, შავებში ჩაცმულები. თავი არ წარმოუდგენიათ, ჩააგდეს მანქანაში, გალახეს, ათი წუთი ჰყავდათ მანქანაში და გადმოაგდეს მერე.
მსგავსი რამ მოხდა რესტორან “ქალაქურშიც”, სადაც მთელმა ოზურგეთმა იცის, რა ხალხიც იკრიბება. იმ დღესაც იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც მივმართე, როგორ ხელისუფლებას ემსახურებით,-მეთქი. ხელის გარტყმა ნამდვილად არ ყოფილა, არავინ მიცემია. იქ მომუშავე ადმინისტრატორს პოლიციამ აიძულა, დაეწერა, თითქოს მე ვცემე, რომ ეს ყოფილიყო ჩემი დაპატიმრების საფუძველი. ერთი გოგოც იმიტომ გაათავისუფლეს მალე “ქალაქურიდან”, რომ მან ჩვენება არ მისცა ჩემს წინააღმდეგ. ამის შემდეგ, სხვებს დაავალეს მსგავსი რამის კეთება. ჩვენს ოფისშიც მოსულან პოლიციელები და მეძებდნენ, რადგან ჩემზე იყო საჩივარი დაწერილი, რომ “ქალაქურში” ვცემე ვიღაცეები. ნახეს თემურ სალუქვაძეც.
_ მსგავს ფაქტებს უარყოფს თემურ სალუქვაძე, მათ შორის, თქვენზე ვინმეს მხრიდან ზეწოლის და დაშინების ფაქტებს და ოფისში პოლიციელების სტუმრობას.
_ დღეს ისეთი მდგომარეობაა ქვეყანაში, გურიაში, დაავიწყდა ხალხს, ვისთვის და რისთვის იბრძვიან. რატომ უნდა უარეყო ბატონ თემურს? უმჯობესია, ქვეყანაზე იფიქრონ. ჰკითხეთ, აბა, კიდევ ერთხელ და იმედია, გაიხსენებს მსგავს ფაქტებს. უბნის რწმუნებული რომ მოვიდა ოფისში, მე არ მეძებდა? იკითხა, გოჩა ჩხაიძე და თქვა, რესტორან “ქალაქურში” მას ინციდენტი მოუხდა, მასზე საჩივარია დაწერილი და კითხვები გვაქვსო.
_ ბატონო გოჩა, არ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?
_ ეს ხელისუფლება სანამ იქნება, მანამ ვერ დავბრუნდები.. როგორ წავა, რა იქნება, არ ვიცი. მეშინია, შვილებს როცა ეხებიან, ეს ძალიან მტკივნეულია. უკვე სხვა გზა აღარ დამიტოვეს. უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ მე აქ ვარ და ჩემი ქართველი ხალხის გვერდით არ ვარ ამ ბრძოლაში, მაგრამ მე რომ საპყრობილეში ვყოფილიყავი, ეს არაფერს შეცვლიდა. მაიძულეს, დამეტოვებინა საქართველო.
_ ბატონო გოჩა, პოლიტიკურ თავშესაფარს ხომ არ ითხოვთ?
_ კი, რა თქმა უნდა.
ჩხაიძის მიერ აღნიშნულ რესტორან “ქალაქურში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ინფორმაციის გადამოწმება რესტორნის ყოფილ ადმინისტრატორთან ბაჩი სირაძესთან ვცადეთ, თუმცა, მან ეს ფაქტი კატეგორიულად უარყო.
_ ქალბატონო ბაჩი, თქვენ მუშაობდით რესტორან “ქალაქურში” მაშინ, როცა, სამართალდამცავების ინფორმაციით, გოჩა ჩხაიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მას ხელი არავისთვის დაურტყამს. პოლიციელები თქვენ გაიძულებდათ, დაგეწერათ საჩივარი, რომ მან გცემათ. რამდენად ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
_ კი, “ქალაქურში” ვმუშაობდი. გოჩა ჩხაიძე? 7-8 თვის წინ, ჩემს დროს “ქალაქურში” მსგავსი რამ ნამდვილად არ ყოფილა. საერთოდ, არც გოჩა ჩხაიძეს ვიცნობ, არც მის დედას და “ქალაქურში” საერთოდ, ჩემს იქ მუშაობის პერიოდში, კონფლიქტური სიტუაცია არასდროს ყოფილა. იქ დაცვა იყო და მსგავსი რამ ნამდვილად არ მომხდარა.
_ პოლიციელებს თქვენთვის არ მოუმართავთ და არ უთქვამთ, რომ წერილი დაგეწერათ მსგავს ინციდენტთან დაკავშირებით?
_ არა. იქ იყო დაცვა და მსგავსი რამ ისედაც არ მოხდებოდა. თქვენ ვერც დაცვა დაგიდასტურებთ და ვერ გეტყვით მსგავს ერთ ფაქტსაც კი. მე 2011 წლის სექტემბრიდან უკვე იქ აღარ ვმუშაობდი, შეიძლება ჩემს მერე განვითარდა ეს მოვლენები, _ გვითხრა ბაჩი სირაძემ.
თუმცა, ამ მშვიდი სატელეფონო საუბრის შემდეგ, რამდენიმე წუთში ბაჩი სირაძე დაგვიკავშირდა ტელეფონით და საკმაოდ ხმამაღალი ტონით განაცხადა: _ როცა ინფორმაციას მოგაწოდებენ, გადაამოწმეთ და ცოტა ღირსებით და პატივისცემით მოეპყარით ადამიანებს. გეუბნებით, არაფერიც არ მოხდა და ცოტა ღირსების მიხედვით მიუდექით ადამიანებს. ეს ვინც გყავთ წყაროები, იმათთან იმუშავეთ და მოითხოვეთ რეალური ინფორმაციები მოგაწოდოთ. იწერთ, ალბათ, ამ საუბარს?!
_ რა თქმა უნდა.
_ წერეთ და იკითხეთ, _ გვითხრა სირაძემ და ტელეფონი გაგვითიშა.
“გურია ნიუსი” “თავისუფალი დემოკრატების” ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს თემურ სალუქვაძეს დაუკავშირდა, რომელიც საკუთარი პარტიის წევრზე, გოჩა ჩხაიძეზე ზეწოლას, დაშინებისა და მუქარის ფაქტებს უარყოფს.
_ ბატონო თემურ, გოჩა ჩხაიძეს პოლიცია თქვენს ოფისში და რესტორან “ქალაქურში” მომხდარ ინციდენტზე არ საუბრობდა?
_არა, არა. მსგავსი რამ ნამდვილად არ ყოფილა. არაფრის საქმის კურსში არ ვარ. უბრალოდ, რაღაც უბნის აღრიცხვა ხდებოდა. მოვიდა უბნის რწმუნებული, რომელმაც ყველას სახელი და გვარი ჩაიწერა, ვინც ჩემთან მუშაობს. სხვა ოფისშიც იყო მისული. ის, რომ ოფიციალურად მოსულიყოს ჩვენთან და გოჩა ეკითხოს, ასე ნამდვილად არ ყოფილა.
_ ესე იგი პოლიციას კონკრეტულად გოჩა ჩხაიძეზე არაფერი უთქვამს?
_ ხომ გეუბნებით, მისი სახელი კონკრეტულად კი არა, არც ჩემი სახელი უკითხავს. ჩაიწერა ოპოზიციონერ გოჩა ჩხაიძის სახელი და გვარი, სხვა არაფერი ყოფილა, ისიც ერთხელ იყო მოსული და მეტი არაფერი. სხვა მე არაფერი ვიცი.
“გურია ნიუსი” ამ ინფორმაციების გადასამოწმებლად ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილთან დაკავშირებას ორი დღის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, რაც იშვიათად ხდება. მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაია სიხარულიძემ კი ასეთი პასუხი გაგვცა:
_ არანაირ გოჩა ჩხაიძეს არ იცნობს ბატონი რამაზი, მით უმეტეს, მასთან არანაირი შეხება და კავშირი არასდროს ჰქონია. მე, როგორც პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ვადასტურებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბატონი რამაზი მას საერთოდ არ იცნობდა.
_ ქალბატონო მაია, თქვენ უარყოფთ ამ ინფორმაციას ასე დარწმუნებით თუ ბატონი რამაზი?
_ რა თქმა უნდა, ბატონ რამაზი უარყოფს მსგავს ინფორმაციებს და მე, როგორც პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ვადასტურებ, _ გვითხრა სიხარულიძემ.