ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ადგილობრივ მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების განხორციელების მიზნით.
გამგეობის მუნიციპალური შესყიდვებისა და საფინანსო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას თქმით, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის განმარტებითი ბარათის თანახმად, აუცილებლობას წარმოადგენს შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის" ლანჩხუთის კლინიკის ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობა, რისთვისაც ოთხი ათასი ლარია საჭირო, რაც ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული.
"აქედან გამომდინარე, საფინანსო სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია საავადმყოფოს ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების დაფინანსება განხორციელდეს გამგეობის ტრანსპორტის ხარჯების შემცირების ხარჯზე და გაიზარდოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოების თანხა ოთხი ათასი ლარით"- დასძენს ლაშხია.
საკრებულოს წევრი უმრავლესობისთვის ბიუჯეტში ამ ცვლილების განხორციელება სავსებით მისაღებია, თუმცა მათგან განსხვავებით კითხვები უჩნდება საკრებულოს ოპოზიციური სპექტრს და ითხოვენ განმარტებას რამდენად დასაშვებია წინა საარჩევნო პერიოდში ბიუჯეტში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება.
იურისტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი პაპავა ამასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს და აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტი შიდა მონაცვლეობის ხარჯზე ცვლილების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს.