„წლების წინ, როცა ჩვენ შემოვიღეთ ეროვნული გამოცდები, რისი უშუალო ინიციატორიც მე ვიყავი, ნამდვილად გაამართლა, თუმცა, ეროვნული გამოცდების გამო სკოლაში მე-10, მე-11 და მე-12 კლასელები აღარ დადიოდნენ და ისინი სკოლის დროს რეპეტიტორებს უთმობდნენ. გადავწყვიტეთ, მომავალი წლიდან (წელს, სამწუხაროდ, ვეღარ მოვასწრებთ) გავაუქმოთ ეროვნული გამოცდები. ბავშვები სკოლაში ჩაბარებული გამოცდებით მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში. მათ აღარ მოუწევთ ზედმეტი ტანჯვა: რომელს უფრო დიდი დრო დაუთმონ – საატესტატო გამოცდებს თუ ეროვნულს“, _ განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ირინა ინარიძის თქმით, მისთვის ოფიციალურად ჯერ ამის შესახებ არ არის ცნობილი:
_ მე შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნული ერთიანი გამოცდები მიმდინარე წლის 28 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. პარალელურად, მასწავლებლების გამოცდებიც ჩატარდება, _ გვითხრა ირინა ინარიძემ.
განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბრისას ამბობს: “არ მიმაჩნია, რომ განათლების სისტემის გაუმჯობესებას იწვევს გამოცდების რაოდენობა. კურიოზული სიტუაცია იყო ჩვენს ქვეყანაში შექმნილი, რადგან ტარდებოდა ორი ტიპის გამოცდა და ორივე გამოცდის ადმინისტრირებას ახდენდა სახელმწიფო. გამომდინარე აქედან, შეიძლება გვევარაუდა, რომ რომელიმე გამოცდა აუცილებლად გაუქმდებოდა. როგორც ჩანს, ხელისუფლებას სურს ამ ეტაპზე სკოლის გაძლიერება და სარეპეტიტორო ინსტიტუტის შესუსტება. თუ რეპეტიტორობის ინსტიტუტის შესუსტება სურთ, 8+1 არ მგონია, კარგი გზა იყოს ამისთვის. უკვე კი უნდა ჰქონდეთ მოფიქრებული, ზუსტად რას და როგორ აპირებენ მომავალ წელს…”