შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახური დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"ვინაიდან შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები იმყოფებოდა იტალიაში, ქ. ბარში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად, მისი ლოცვა-კურთხევით ვაკეთებთ შემდეგ განცხადებას:
მამა გაბრიელსა და საპატრულო პოლიციას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ გამოიწვია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გახდა საჯარო განხილვის ობიექტი, გამომდინარე აქედან თავს ვალდებულად მივიჩნევთ გავაკეთოთ განმარტება, რომელიც ნათელს მოჰფენს შექმნილ ვითარებას და პასუხს გასცემს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს, საქმე იმაში არის რომ მამა გაბრიელი მართლაც გადაადგილდებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში, მაგრამ ეს არ იყო ალკოჰოლური თრობა, უბრალოდ მიღებული ალკოჰოლის ოდენობა აღემატებოდა კანონით გათვალისწინებულ ნორმებს, გადაადგილების დროს გააჩერა საპატრულო ეკიპაჟმა და მოსთხოვა ალკოჰოლური თრობის ტესტის გავლა, მამაომ განუმარტა მათ, რომ მას ქონდა მიღებული სასმელი, .საპატრულო პოლიციის მხრიდან მოთხოვნილი იქნა ავტომობილის ჩამორთმევა რაზეც მამაომ უარი განუცხადა იმ მოტივით რომ არ არსებობდა ამის სამართლებრივი საფუძველი, რადგან მისი თრობის დონე არ უშლიდა ხელს ავტომობილის მართვაში და არ უქმნიდა საფრთხეს ავტოსაგზაო მოძრაობაში მონაწილე პირებს. რაც შეეხება მიღებულ დაზიანებას კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პატრულის მხრიდან ადგილი არ ქონია ფიზიკურ შეხებას და მით უმეტეს ცემის ფაქტს უბრალოდ გადაყვანის დროს მოხდა მექანიკური დაზიანება.(კერძოდ, მანქანაში ჩაჯდომის დროს შუბლის არე დაუზიანდა ღია მანქანის კარზე მირტყმის შედეგად რამაც გამოიწვია სისხლდენა)", _ ნათქვამია შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.