საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი და შესაბამისი დასკვნაიუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა.
ამის შესახებ განცხადებას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კანონის გვერდის ავლით მიიღო.
"საქმის შესწავლის ეტაპზე ომბუდსმენის აპარატი დეტალურად გაეცნო შესაბამის მასალებს; შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ზემოაღნიშული გადაწყვეტილება "საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის გვერდის ავლით მიიღო, შესაბამისად, არ იქნა გამოყენებული აღნიშნული კანონით განსაზღვრული დისციპლინური წარმოების პროცედურა, დისციპლინური საქმე არ განუხილავთ და მასზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ორგანოებს, არ იქნა დაცული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები, ვერ მოხდა აცილების უფლების რეალიზება და სხვა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან "საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის გვერდის ავლით მსგავსი გადაწყვეტილების მიღების პრეცედენტს ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია.
"საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 55–ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს/კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შესაძლებელია მის მიმართ გამოყენებულ იქნას დისციპლინური ზემოქმედების შესაბამისი ღონისძიება – სასამართლოს თავმჯდომარის ან სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება. აღნიშნული ნორმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საერთოდ ყურადღების მიღმა დარჩა.
ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთოდ არ უმსჯელია თუ რა სახის გადაცდომებს ჰქონდა ადგილი მამუკა ახვლედიანის, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მხრიდან.
საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით, ზემოთ აღნიშული და სხვა გარემოებების გამო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონშეუსაბამოა და გამოთქვამს იმედს, რომ ასეთ პრაქტიკას მომავალში ადგილი არ ექნება", – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.