შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2014 წლის 12 აგვისტოს, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზაზა მალაზონია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მალაზონიას ბრალი ბიზნესმენების დაჭრაში ედებოდა.
ოფიციალურ ინფორმაციაში დაკონკრეტებული იყო, რომ მალაზონიამ 2013 3 მაისს, ქალაქ ოზურგეთში, აკაკი ბაქრაძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით რევაზ მახარაძე და გელა კობალაძე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების და ძარცვის ფაქტზე (სსკ-ს 117-ე 118-ე, 236-ე, მუხლებით) დაიწყეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის განაჩენით, ზაზა მალაზონია უდანაშაულოდ სცნეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების (117 მუხლი), ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად დაზიანების (118 მუხლი) და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში (236-ის მუხლის მეორე ნაწილი).
ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული ზაზა მალაზონიას მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვაში (236-ის მუხლის პირველი ნაწილი).
პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მიერ წაყენებული მუხლი შეცვალა _ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანების ნაცვლად დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც მალაზონია დამნაშავედ ცნო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ნაწილში (სსკ-ის 120 მუხლი) და ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში.
აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში, როცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, გელა კობალაძე უკვე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, რომელმაც სასამართლოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მისთვის უცნობი იყო, თუ ვინ დაესხა თავს.
"გურია ნიუსთან" საუბრისას კობალაძე იგივეს იმეორებს და ამბობს, რომ თავდამსხმელი მას უკნიდან მიეპარა და მისი სახე არ დაუნახავს. მიუხედავად ამ ჩვენებისა, ასევე მეორე დაზარალებულის განცხადებისა, რომ თავდამსხმელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა და არ იცნობდა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა და დაადგინა(?!), რომ ეს ნამდვილად ზაზა მალაზონია იყო.
საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, მალაზონიას განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 2 000 ლარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მალაზონიამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ პაატა სილაგაძის (თავმჯდომარე), ნინო გვენეტაძის და გიორგი შავლიაშვილის შემადგენლობით საქმე 2016 წელს განიხილა და მალაზონია უდანაშაულოდ სცნო.
უზენაესი სასამართლოს განაჩენის სამოტივაციო ნაწილის თანახმად, როგორც წინასწარი გამოძიების, ასევე, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, დარღვეული იქნა სისხლის სამართლის პროცესით გათვალისიწინებული საპროცესო ნორმები, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ მალაზონიას სახლში ჩატარებული ჩხრეკა იყო უკანონო, საქმეში არ არსებობდა უერთიერთშეთანხმებული მტკიცებულებები, რომელიც კანონმდებლობით გათვალისიწინებული სტანდარტით აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას:
"საქმის მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ჩხრეკა ზაზა მალაზონიას საცხოვრებელ სახლში, რომლის დროსაც საძინებელ ოთახში ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მასალასთან ერთად, ჩატარდა 2014 წლის 12 აგვისტოს, გელა კობალაძესთან მომხდარი კონფლიქტიდან (03.05.2013წ.) ერთ წელსა და სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლითა და მალაზონიას დედის თანხმობით. მასალებით ირკვევა, რომ ჩხრეკის პარალელურად, გამოძიებამ დააკავა ზაზა მალაზონია, რომელსაც გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, მაგრამ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნაპოვნი ვერ იქნა.
აღნიშნული გარემოება მიუთითებს შემდეგზე: გამომძიებლისათვის, როდესაც ის აპირებდა მალაზონიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩატარებას გადაუდებელი აუცილებლობის წესით, უკვე ცნობილი იყო ის გარემოება, რომ იგი შინ არ იყო. ამასთან, ის იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ, რასაც უდავოდ ადასტურებს ჩხრეკის პარალელურად სხვა ქალაქში მისი დაკავება. აღნიშნული გარემოებები ლოგიკურად აჩენს საფუძვლიან ეჭვს _ რეალურად არსებობდა თუ არა გადაუდებელი აუცილებლობის წესით ჩხრეკის ჩატარების საფუძველი. ასეთ ეჭვს კიდევ უფრო აღრმავებს ჩხრეკის ადგილზე ამ საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე არსებული ვითარება. როგორც აღმოჩნდა, შინ არ იმყოფებოდა ასევე გასაჩხრეკი ობიექტის მესაკუთრე _ მალაზონიას დედა, რომელსაც დაუკავშირდნენ მობილური ტელეფონით. ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ მოხუცი ბებია. გამოძახების შემდეგ მალაზონიას დედა გამოცხადდა ჩხრეკის ადგილზე, რის შემდეგაც გამომძიებელი შეუდგა ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას. აღნიშნული იძლევა საფუძველს დასკვნისთვის, რომ, ფაქტობრივად, არ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობის წესით ჩხრეკის ჩატარებისათვის საჭირო პირობები," _ ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სამოტივაციო ნაწილში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, აგრეთვე, იმ გარემოებას, რომ მალაზონიას საცხოვრებელ სახლში, ჩხრეკის დაწყებამდე, გამომძიებელს გასაჩხრეკი ობიექტის მესაკუთრისთვის არ წარუდგენია დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, რასაც პირდაპირ ითვალისწინებს საპროცესო კანონი.
"ამიტომ აღნიშნული დადგენილების წარუდგენლობა ეჭვქვეშ აყენებს თვით ჩხრეკის ჩატარების ლეგიტიმურობას იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ისეთი უკიდურესი ვითარება, რომ ჩხრეკის დაწყების თუნდაც მცირე ხნით დაყოვნებამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს _ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაკარგვა ან განადგურება. მსგავს ვითარებაში, შესაძლოა, მართლაც ვერ მოესწროს აღნიშნული დადგენილების დროულად გამოტანა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში დაცული უნდა იქნას საპროცესო კანონის მეორე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო, ბინასა თუ სხვა კერძო მფლობელობაში, თუნდაც, მისი მესაკუთრისა და კანონიერი მფლობელის თანხმობით ჩატარებული ჩხრეკისა და ამ ჩხრეკით მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერება უნდა შეამოწმოს სასამართლომ შესაბამისი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. მალაზონიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩატარების შემდეგ, რა დროსაც ჩხრეკის ადგილიდან ამოღებულ იქნა ნივთმტკიცებები ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სახით, პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს ამ ჩხრეკის კანონიერების შემოწმების თაობაზე, მაგრამ მოსამართლემ განჩინებით პროკურორს უარი უთხრა შუამდგომლობის არსებით განხილვაზე, რაც იმით დაასაბუთა, რომ, თითქოს, რადგან არსებობდა ბინის მესაკუთრის თანხმობა ჩხრეკის ჩატარებაზე, ამიტომ საჭირო აღარ იყო ჩხრეკის კანონიერების სასამართლო წესით შემოწმება. მოსამართლის ასეთი პოზიცია აშკარად არ შეესაბამება საპროცესო კანონით დადგენილ იმ წესებსა და მოთხოვნებს, რომლებზეც ზემოთ იყო მითითებული," _ წერია განაჩენში, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ გარდა აღნიშნულისა, ყურადღება უნდა მიჰქცეოდა და სათანადო შეფასება მისცემოდა მალაზონიას საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის მიმდინარეობისას დაშვებულ სხვა დარღვევებსაც, რაც არ გაუკეთებია საქმის განმხილველ სასამართლოებს:
"ჩხრეკის დაწყებისას ფოტოსურათებზე არ დაფიქსირებულა იმ საძინებელ ოთახში არსებული თავდაპირველი მდგომარეობა, სადაც ნივთმტკიცებები იქნა აღმოჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩხრეკისას მიმდინარეობდა ფოტოგადაღება. კერძოდ, ჩხრეკის ოქმში აღნიშნულია, რომ საძინებელ ოთახში, საწოლზე, ბალიშის ქვეშ, ნაპოვნი იქნა ცეცხლსასროლი იარაღი _ "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი მჭიდითა და მასში არსებული საბრძოლო მასალით _ 8 ცალი ვაზნით, ხოლო იმავე ოთახის კარის შიგნითა მხარეზე, სახელურზე ჩამოკიდებულ შავ ჩანთაში აღმოჩნდა ცარიელი მჭიდი. მაგრამ ფოტოებზე ყველა აღნიშნული ნივთმტკიცება საწოლზეა ერთად დაყრილი და გადაღებული _ პისტოლეტი, ცარიელი მჭიდები, ვაზნები, შავი ჩანთა და არა მათ თავდაპირველ ადგილზე, მაგალითად: ფოტოებზე არ ჩანს კარის სახელურზე ჩამოკიდებული შავი ჩანთა, ამ ჩანთის შიგთავსი ცარიელი მჭიდით, საწოლზე ბალიშის თავდაპირველი მდგომარეობა, რომლის ქვეშაც იარაღი ინახებოდა, ასევე არ არის ფოტოზე დაფიქსირებული ბალიშის აღების პროცედურა, რის შედეგადაც მის ქვეშ იარაღი იქნა აღმოჩენილი. ამავე დროს, შემდგომში ჩხრეკის დამსწრე პირების მიერ დაკითხვებისას მიცემული ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ჩხრეკაში მონაწილე ექსპერტი მისი დაწყებიდანვე არ მონაწილეობდა ამ საგამოძიებო მოქმედებაში _ იგი მოგვიანებით გამოცხადდა ჩხრეკის ადგილზე და შემდეგ ჩაერთო მასში, მაგრამ ეს ნივთმტკიცებები უკვე მის გამოცხადებამდე იქნა აღმოჩენილი და ამოღებული, რის გამოც მას არ უნახავს ჩხრეკისას, კონკრეტულად სად და რა ვითარებაში იპოვეს ისინი," _ წერია განაჩენში.
სასამართლოს განცხადებით, განხილული გარემოებების გამო, მტკიცებულებით ძალას ვერ შეიძენს 2013 წლის 3 მაისს მომხდარი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ის მასრები, რომლებიც, მოცემულ საქმეზე ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2014 წლის 12 აგვისტოს მალაზონიას საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღით გასროლილი ვაზნებისგანაა დარჩენილი:
"არაკანონიერად მოპოვებული და არასანდო მტკიცებულებისგან მიღებული სხვა ახალი მტკიცებულებაც არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირის მსჯავრდებისათვის, რადგან პირველადი წყაროს სამართლებრივი დეფექტი ასევე დეფექტურს ხდის მისგან ნაწარმოებ მტკიცებულებებსაც. ამიტომ, 2013 წლის 3 მაისს, მომხდარი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრები, რომლებიც საფუძვლად დაედო მალაზონიას მსჯავრდებას ისეთ დანაშაულში, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, არ უნდა მიეღო ისეთ მტკიცებულებად, რომელიც ვარგისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად," _ წერია განაჩენში.
რაც შეეხება ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას შემთხვევის ადგილიდან ამოღებული რამდენიმე მასრის იმ ცეცხლსასროლი იარაღისადმი კუთვნილების შესახებ, რომელიც 2014 წლის 12 აგვისტოს მალაზონიას საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული, სასამართლოს განაჩენის თანახმად, ვერ გამოდგება დაზარალებულთა ჯანმრთელობის დასაზიანებლად მსჯავრდებულის მიერ მიზანმიმართული გასროლების დასასაბუთებლად.
უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ განსხვავებით ოზურგეთის რაიონული სასამართლოსგან, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ იმ მტკიცებულებებს შორის, რომლებსაც ის დაეყრდნო, "ერთიც კი არ არის ისეთი, რომელიც იქნებოდა პირდაპირი და კანონიერი მტკიცებულება, დამადასტურებელი იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე ნამდვილად ზაზა მალაზონია ისროდა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულთა მისამართით, მათი ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით".
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაზე, რომლითაც დასტურდება შემთხვევის ადგილზე მალაზონიას ყოფნა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ "ის არ არის პირდაპირი მამტკიცებელი იმისა, რომ ნამდვილად მალაზონია ისროდა ცეცხლსასროლი იარაღიდან, ვინაიდან ამ მოწმეს ასეთი რამ არ უნახავს. დაზარალებულთა ჩვენებებით კი, რომლებიც გამორიცხავენ მალაზონიას მხრიდან მათზე შესაძლო თავდასხმას, საერთოდ გაუგებარი რჩება ამ უკანასკნელის როლი მოვლენათა განვითარებაში, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია არა ერთი, არამედ სამი სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის მასრები. სხვა სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებითაც შესაძლებელი იქნებოდა განხილულ ეპიზოდში მალაზონიას ბრალის დადასტურება იმაში, რომ სწორედ ის ახორციელებდა გასროლებს დაზარალებულთა ჯანმრთელობის დაზიანების, თანაც მხოლოდ მსუბუქი დაზიანების განზრახვით, საქმეში არ მოიპოვება."
საკასაციო პალატის საბოლოო დასკვნით, "პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა ბოლომდე და თანმიმდევრულად ვერ დაიცვეს მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპის, როგორც ადამიანის თავისუფლების ყველაზე დიდი გარანტის მოქმედების შეუქცევადობას. აღნიშნულმა გარემოებამ კი განაპირობა ზაზა მალაზონიას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი მსჯავრდება, რითაც დაირღვა მისი უფლებები, გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით".
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ზაზა მალაზონია სასამართლოო დარბაზიდან გაათავისუფლა და სარეზოლუციო ნაწილში ჩაწერა, რომ მალაზონიას მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეუძლია.
ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არც პროკურატურა აკეთებს, რომლის წარმომადგენლებისთვისაც, როგორც პირად საუბრებში ამბობენ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.
მედიასთან არ საუბრობს ზაზა მალაზონია, რომელიც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად 2 წლის განმავლობაში უკანონოდ იხდიდა სასჯელს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ჯაბა ზერეკიძე ამბობს, მალაზონიას პროკურატურისგან მორალური ზიანისთვის თანხის მოთხოვნა შეუძლია:
_ ბოლო პერიოდში სისხლის სამართლის საქმეების საქმის სასამართლოში არსებითი განხილვის დროს ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უფრო მეტად დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია ვიდრე სააპელაციო სასამართლოს განაჩენები. ასევე, უმეტეს შემთხვევებში საქართველოს უზენაესი სასამართლო სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის მიღების დროს იზიარებს პირველი ინსტანციის მოსამართლეების პოზიციას. ამის შედეგი გახლავთ ის, რომ ბევრი მოქალაქე იძულებულია საქმის სამივე ინსტანციის დასრულებამდე გაატაროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და საბოლოოდ ირკვევა, რომ ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა. სამწუხაროდ საქმის წინასწარი გამოძიების დროს, ხშირად აქვს ადგილი საპროცესო ნორმების დარღვევას, რასაც რატომღაც მხოლოდ პირველი და ბოლო ინსტანციის განაჩენებში ექცევა ყურადღება. ამით, რა თქმა უნდა, მოქალაქეებს ადგებათ, როგორც მატერიალური ასევე მორალური ზიანი. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებული არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებული არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირისათვის შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ხოლო აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამასთან, ამავე კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით _ "თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება".
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
კანონმდებლობით მოცემულ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული თანხა დადგენილი არ არის, ეს დამოკიდებულია იმ სიმძიმეზე, რაც ბრალდებულა განიცადა უკანონო მსჯავრდებით ან წინასწარი პატიმრობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გამართლებულმა ადმინისტრაციული წესით უნდა აღძრას სარჩელი იმ ორგანოს მიმართ (საქართველოს მთავარი პროკურატურა), რომელმაც ბრალი წაუყენა მას და სასამართლოში ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, _ გვითხრა ზერეკიძემ.