არც ისე დიდი ხანია, ოზურგეთის ფერმერული განვითარების ცენტრში (ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური"), დაინერგა ღორის ხელოვნური განაყოფიერების პრაქტიკა, რაც წარმატებული აღმოჩნდა. დღეისთვის აქედან ოზურგეთს მუნიციპალიტეტის სოფლებში 16 გოჭი გაიცა შესაბამისი პირობით _ ფერმერს, შეთანხმების საფუძველზე, უფლება არ აქვს, დაკლას ან გაყიდოს საჩუქრად გადაცემული გოჭი. მას ვალდებულება აკისრია, ერთი წლის შემდეგ, როცა ღორი გამრავლდება, ერთი გოჭი დაუბრუნოს ფერმერულ ცენტრს.
_ დღეისთვის გოჭები შესანიშნავად იზრდებიან და ფერმერებიც კმაყოფილნი არიან. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ფერმერი გაძლიერდეს. ჩვენთან შესაძლებელია როგორც ხელოვნური, ისე ბუნებრივი გზით ღორის განაყოფიერება, რადგან მოსახლეობისთვის გადაცემული გოჭების ნაწილი კერატებად იზრდება. მიზანი ის არის, რომ თითოეულ სოფელში გაშვებული უნდა იქნას ორი სული კერატი და ორი სული ჯიშიანი ნეზვი, რაც მალე მოგვცემს მაღალ შედეგს. სწორედ ეს არის განსაკუთრებით ყურადსაღები მოსახლეობის მხრიდან _ მათ თვალი უნდა მიადევნონ პროცესებს, რომ ნაბიჯები, რომელი მათთვის გადაიდგა, ეფექტურად გამოიყენონ, _ ამბობს ფერმერული ცენტრის დირექტორი შალვა შავიშვილი.
ფერმერულ ცენტრში დღეისთვის ოთხი დედა ღორი ჰყავთ, რომელთაგან სამი მაკეა და წლის ბოლომდე გოჭების რიცხვის 100 სულამდე გაზრდას ვარაუდობენ.
რაც შეეხება ე. წ. ღორის ჭირს, თუ რამდენად საშიშია მისი კიდევ ერთხელ მასობრივად გავრცელება, ყველაფერს იღონებენ, შემოიტანონ ხარისხიანი და არა ფალსიფიცირებული წამლები, რითაც შესაძლებელი გახდება ღორების აცრა და მათი დაზღვევა მოსალოდნელი დაავადებისგან.