დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა მიიღეს დადგენილება, რომელიც ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლისას გასატარებელ ღონისძიებებს.
დადგენილების მიღებამდე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, გოჩა კილაძემ თქვა, რომ კარგი იქნება, თუ მეტად გამკაცრდება კანონი.
"მინდა გითხრათ, რომ აღებენ სასაფლაოს ჭიშკარს და უშვებენ პირუტყვს. ეს არის მიუღებელი. იმედია, რომ ამასაც მიექცევა ყურადღება," – თქვა გოჩა კილაძემ.
"ამას თუ ვინმე აკეთებს, ხომ შეიძლება სოფლის მცხოვრებლებმა ასეთ ადამიანს რამე უთხრან და არ მოხდეს ეს უმსგავსობა. სასაფლაო არის წმინდა ადგილი, რომელიც ქართველი კაცი პატივს სცემს. ძროხა, თხა და ღორი როგორ უნდა შეუშვა სასაფლაოს ტერიტორიაზე. ამას კანონის მიღება უნდა?!" – უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ გოჩა კილაძეს.
"მოკლედ ისე მიდის საქმე, პირუტყვს ლაპარაკი უნდა ვასწავლოთ" – თქვა საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა, ლელა ნაცვალაძემ.