სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი ილია ჭანტურაია, რომლის მიმართაც დაახლოებით ერთი თვის წინ მეორე დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო, უჩა ნანუაშვილის ბრძანების საფუძველზე, დღეს სამსახურიდან გაათავისუფლეს.
გათავისუფლების ბრძანებაში (იხ. ქვემოთ), რომელიც ილია ჭანტურაიას დღეს ჩაბარდა, აღნიშნულია, რომ "2016 წლის 11 ივლისიდან სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი ილია ჭანტურაია გათავისუფლდეს სამსახურიდან; ბრძანება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდეს".
გათავისუფლების ბრძანებას სპეციალური კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად.
როგორც ილია ჭანტურაია "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, ბრძანებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
"ბრძანება დღეს ჩამბარდა და ორშაბათიდან სამსახურში აღარ უნდა მივიდე. რომლის საფუძველზეც ეს ბრძანება გამოიცა ის დასკვნაა საინტერესო. დაახლოებით, 20 ფურცლამდეა. თუმცა, საინტერესო ის არის, რომ კომისიაში ისეთი ხალხი შევიდა საერთოდ კომპეტენცია რომ არ გააჩნიათ. იმ ტიპის დასკვნას და მსჯელობას თვითონ ვერანაირად ვერ ჩამოაყალიბებდნენ, მით უმეტეს 3-4 დღეში. ეჭვი მაქვს, რომ სახალხო დამცველმა ისეთი ხალხი შეარჩია, უპრობლემოდ რომ მოუწერდნენ დასკვნაზე ხელს. კომისიას არაფერი გაუკეთებია ფაქტიურად და ეს ვუთხარი კიდეც მათ. მარტო ჩემი თემაც არ არის. მე და კიდევ სხვა ადამიანებმაც დავიწყეთ საუბარი პრობლემებზე, რაც აპარატშია. არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ მოყვეს ამ ამბავს უკანონო გათავისუფლებები. კიდევ არიან სხვა თანამშრომლებიც რომლებიც ამაზე ღიად საუბრობენ. ახლა ისინი არიან გათავისუფლების საფრთხის ქვეშ. დაახლოებით, ასეთი 15 ადამიანია. გარდა ამისა, არიან სხვა თანამშრომლები, რომლებსაც პროტესტის გამოხატვა სამსახურის დაკარგვის გამო ეშინიათ", _ ამბობს ჭანტურაია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველს აპარატის თანამშრომლები დისკრიმინაციაში აქამდეც ადანაშაულებდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით "გურია ნიუსმა" ერთი თვის წინ ინტერვიუც გამოაქვეყნა – რა ინფორმაციის გაჟონვისთვის ათავისუფლებს უჩა ნანუაშვილი თანამშრომლებს, რასაც შემდგომ სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებული განმარტებები მოჰყვა – რას პასუხობენ თანამშრომლის ბრალდებებს სახალხო დამცველის ოფისში.
ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ილია ჭანტურაია დაწვრილებით საუბრობდა, რის გამო დაიწყო სახალხო დამცველმა რამდენიმე თანამშრომლის მიმართ დისციპლინური საქმისწარმოება. კონკრეტულად, ჭანტურაია ასახელებდა რამდენიმე თვის წინ მედიასაშუალებების გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელიც ომბუდსმენის მიერ ძვირადღირებული მანქანის შესყიდვას ეხებოდა. 105 ათას ლარად ღირებული მერსედესის მარკის ავტომობილი სახალხო დამცველმა თავის მოადგილეს ნათია კაციტაძეს უყიდა.
როგორც ილია ჭანტურაია "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებდა, დაპირისპირება სწორედ ნათია კაციტაძესთან გამარული "მძიმე საუბრის" შემდეგ დაიწყო.
"როცა ავტომანქანასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიამ მოგვთხოვა, სახალხო დამცველმა პირადად გამომიგზავნა მეილი, სადაც დაშტრიხული მომაწოდეს ეს დოკუმენტი და ჩემი ხელმოწერით არის გაცემული ამავე ფორმით. ინფორმაცია დღესაც დაშტრიხულია. მაქვს ნანახი ეს ბრძანება, თუმცა, ახლა წვდომა ამ დოკუმენტზე არ მაქვს. ზუსტად ვიცი, რომ ის მანქანა ბალიაშვილს აქვს გადაცემული, რომელიც ნათია კაციტაძის მძღოლია. ყველა მანქანები ასეა გადაცემული სარგებლობაში მძღოლებზე. ამ ინფორმაციას მალავენ, თუმცა უკვე გაჟღერებულია. გარდა ამისა, ინფორმაციაზე წვდომა აქვს მთავარ იურისტს და ფინანსურ სამსახურს. ზოგადადაც, ეს საჯარო ინფორმაციაა, თუმცა, არ ახმაურებენ", _ აღნიშნავდა ჭანტურაია.
მოგვიანებით, ინტერვიუს მომზადებისას "გურია ნიუსი" სახალხო დამცველის ოფისსაც დაუკავშირდა, სადაც ჭანტურაიასგან განსხვავებით გვიცხადეს, რომ აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის მიმართ "დისციპლინურისაქმისწარმოების დაწყების საფუძველი გახდა მის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის, კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატში დაცული სხვა პირთა პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების და პირადი მიზნებისათვის გამოყენების და აპარატის ელექტრონულიდოკუმენტბრუნვის პროგრამიდან რეგისტირებული განცხადების წაშლის დავალების გაცემისფაქტების შესწავლა".
მოგვიანებით სახალხო დამცველმა აღნიშნულთან დაკავშირებით კიდევ ერთი სპეციალური განცხადება გააკეთა და რამდენიმე მედიასაშუალებას, მათ შორის "გურია ნიუსსაც" ბრალი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დასდო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიასაშუალებებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს. მიუხედავად იმისა, რომ "გურია ნიუსმა" განცხადების მიღებისთანავე სახალხო დამცველის ოფისს სთხოვა განმარტება, რატომ გვადანაშაულებდა ომბუდსმენი "არასწორი", "შეცდომაში" შემყვანი ინფორმაციის გავრცელებაში, დღემდე, სახალხო დამცველის აპარატიდან ამაზე პასუხი არ მიგვიღია.