დღეს ხმაური იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მოედანში. ადგილობრივ მოსახლეობასა და კომპანია "ჯორჯია-2012" მფლობელ ქალბატონს შორის, რომელსაც მდინარიდან ხრეშის მოპოვების ლიცენზია აქვს შეძენილი, შელაპარაკება მოხდა.
შემთხვევის ადგილზე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე და მისი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე იმყოფებოდა. როგორც ცინცაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ბოლომდე დაიცავს მოსახლეობის ინტერესებს და მათ გვერდით დაუდგება.
მოედანში "ჯორჯია-2012" მფლობელი სპეციალური სამუშაო ტექნიკის თანხლებით იმყოფებოდა, თუმცა, მოსახლეობა მას კარიერთან მისვლის საშუალებას არ აძლევდა, შეხვედრა საკმაო ხმაურისა და ურთიერთ შელაპარაკების ფონზე მიმდინარეობდა. თვითმხილველთა თქმით, მოედნელებს ვალში არც თავად კომპანიის ხელმძღვანელი რჩებოდა, რომელსაც ამ ტექნიკით სოფლის მთავარი გზა ჰქონდა გადაკეტილი.
"არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ სოფელი დაინგრეს. ფაქტია, რომ მოსახლეობის არგუმენტით, მდინარიდან ამოღებული ინერტული მასალა საფრთხეს უქმნის, როგორც მოედნის მაცხოვრებლებს, ასევე ცუდ დღეშია ხორეთის მოსახლეობაც. კარიერის ამოქმედების შემთხვევაში მძიმე ტექნიკის გადაადგილება დააზიანებს გულიანი-ჩოჩხათი-სუფსის ახლადგაკეთებულ გზასაც. თუკი უნდა გავაფუჭოთ, მაშინ რატომღა ვაკეთებთ ამ გზას. არც ადრე მისცა ლიცენზიის მფლობელებს მოსახლეობამ კარიერის ამოქმედების საშუალება და არც ახლა დაუშვებენ, რომ სოფელი დაინგრეს", _ აღნიშნა ჩვენთან საუბარში საკრებულოს წევრმა ნონა მურვანიძემ.
როგორც ირკვევა, მოედანში ხრეშის მოპოვებაზე გაცემული ლიცენზია კანონთან შეუსაბამობაში არ მოდის; შეზღუდვები, რომლის თანახმადაც ზღვიდან 20 კმ. რადიუსის დაშორებით არ უნდა მოხდეს ინერტული მასალის მოპოვება, დაწესებულია 2014 წელს, ხოლო ლიცენზია თავდაპირველად 2013 წელს ოთხი წლის ვადით გაიცა.
თავდაპირველად მოედნანში სუფსიდან ხრეშის მოპოვების ლიცენზია ლანჩხუთელ ინდ.მეწარმე ილია ებრალიძეზე გაიცა, თუმცა მოსახლეობის მხრიდან წამოსული პროტესტის შემდეგ ებრალიძემ სამუშაოების განხორციელებაზე უარი თქვა. 2015 წელს კი ლიცენზიის მფლობელი ჩინური კომპანია "ნიუ სფეისი" გახდა. მოსახლეობის მხრიდან ხრეშის მოპოვებას და ახალი მეწარმის შემოსვლას ისევ მოჰყვა პროტესტი და ხმაურიანი დაპირისპირება , რის გამოც ჩინური კომპანიაც იძულებული იძულებული შეიქნა პოზიციები დაეთმო. რა მოხდება ქართულ კომპანია "ჯორჯია-2012"-თან მიმართებაში, იმედია ეს ძალიან მალე გაირკვევა. ადგილობრივი მოსახლეობა აზრის შეცვლას არ აპირებს და მხარის ხელმძღვანელობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსგან შესაბამის რეაგირებას ელის.
მოედანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" ვრცელ მასალას და მხარეთა კომენტარებს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.