საქართველოს მთავარმა პროკურატურამ "ცენტრ პოინტის" საქმეზე დაკავებული სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2016 წლის 10 ივლისს, შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფი"-ს ფილიალის, "ცენტრ პოინტ აჭარა"-ს ყოფილი დირექტორი სალომე ჩარკვიანი სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, პროკურატურის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით.
სალომე ჩარკვიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2016 წლის 12 ივლისს შეეფარდა. 15 ივლისს, მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით სალომე ჩარკვიანმა განცხადებით მომართა ქ. თბილისის პროკურატურას.
განცხადების განხილვისას ბრალდების მხარემ გაითვალისწინა რიგი გარემოებები. კერძოდ: სალომე ჩარკვიანმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, მისცა საქმის რეალური გარემოებების ამსახველი ობიექტური ჩვენება. იგი წარსულში არ არის ნასამართლევი. საქმეში მისი როლი და ქმედების ხასიათი შედარებით ნაკლები საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია. პროკურატურის მიერ ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ დაზარალებულებმა მათთან გავლილი წერილობითი კონსულტაციების დროს დააფიქსირეს თანხმობა სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით და ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სალომე ჩარკვიანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რა დროსაც მას სასჯელის სახით განესაზღვრება პირობითი მსჯავრი. ზემოთხსენებული შუამდგომლობით ბრალდების მხარემ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს", _ აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ჩარკვიანის მიმართ საპროცესო შეთანხმების შესახებ შუამდგომლობას თბილისის საქალაქო სასამართლო, ხვალ, 11:30 საათზე განიხილავს