დადგა 2011 წელი. “გურია ნიუსი” დაინტერესდა, როგორ აღნიშნეს ოზურგეთელებმა, განსაკუთრებით, საშუალო ფენის წარმომადგენლებმა შობა-ახალი წლის დღეები, რამდენად მოახერხეს გაძვირებული ცხოვრების ფონზე, სადღესასწაულო სუფრის გაშლა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მცხოვრები იზოლდა გოგოლაძე: _ მიუხედავად პროდუქტების გაძვირებისა, მაინც ვეცადე, ოჯახში ეს არ დაგვტყობოდა. სოფელში ვცხოვრობ და როგორც შეიძლებოდა, ისე გავატარე ახალი წელი. ადამიანი მაინც ცდილობს, რომ გაჭირვება საახალწლო სუფრაზე არ ასახოს.
სოფელ ქვედა ბახვში მცხოვრები დიასახლისი ნანული თავაძე აღნიშნავს, რომ შაქარი და ზეთი გაძვირებულია: _ ეს სიძვირე ჩვენს ეკონომიკურ ყოფაზე მთელი სიმწვავით აისახა. პურის ფქვილი რა ღირს, ხედავთ? ახლა წამლები ვნახოთ _ თითოეული დასახელების 50%-ითაა გაძვირებული. როგორ უნდა ვიყიდოთ? უმუშევარ ოჯახში თუ ერთი პენსიონერია, დანარჩენი წევრები მის ხარჯზე სულდგმულობენ. სხვა არაფერი გვინდა? ერთი კილოვატი ელექტროენერგიის მოხმარებისთვის 15 თეთრს ვიხდით, გვპირდებიან, 2013-ში იქნება იმპულსური მრიცხველებიო, მანამდე რა ვქნათ?! ახლა ამ თვეში 15 ლარი გადავიხადე დავალიანებისთვის, ჩემს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გარდა. 15 ლარად რამდენ რამეს ვიყიდდი საახალწლოდ?!
ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები შოთა დავითაძე ამბობს, რომ ახალი წელი, შეძლებისდაგვარად, მშვენივრად გაატარა: _ ჩვეულებრივად, როგორც შეგვეძლო, ისე გავატარეთ. მთავარია მშვიდობა იყოს და სხვა დანარჩენს მოევლება, _ თქვა მან.
ინკოგნიტო ახალგაზრდა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, გვსაყვედურობს: _ ვისაც უნდა ეზრუნა ჩვენთვის, ხალხისთვის, იზრუნეს? ახლა ვის აინტერესებს, ჩვენ როგორ აღვნიშნეთ ახალი წელი?
ქალაქ ოზურგეთში, ჟორჟოლიანის ქუჩაზე მცხოვრებმა ნორა არობელიძემ “გურია ნიუსს” თვალცრემლიანმა უამბო, თუ როგორ უჭირს და რა პირობებში გაითენა ახალი წელი: _ ძალიან ცუდად გავატარე, საშინლად. ისეთი ავადმყოფის პატრონი ვარ, მარტო ფიქრსა და დარდში მითენდება _ რით ვუყიდო წამალი დედას? ეკლესიიდან მოვდივარ ახლა და სულ ვტირი. მარტოხელა ქალს დავარდნილი დედა რომ ეყოლება ავად, რა ხასიათზე იქნება? პურის ფული რომ ვიშოვო, მარტოს ვტოვებ. თუ ჩემი შვილი და შვილიშვილი პარკში მაინც ვერ წავიყვანე, რად მინდა ასეთი ახალი წელი? ერთი შვილიშვილი მყავს და ისიც ავადაა. ქუჩაში ვარ გამოსული, რომ ვიყიდო თხილი და შემდეგ გავყიდო. ამასაც შიშით ვაკეთებ, არიქა, საგადასახადო თავზე არ დაგვადგეს,-მეთქი. სოციალური სამსახურიდან პოლისები გვქონდა და ახლა არც ის გვაქვს, _ გვითხრა ნორა არობელიძემ.
სულიკო ბუკია: _ სიურპრიზი მოვუწყვე ოჯახის წევრებს, შობას დაბადების დღე მაქვს და შესანიშნავ ხასიათზე ვიყავი ამ საახალწლოდ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved