ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღზრდილი (მწვრთნელი ზაზა ღლონტი) საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრი გიორგი შოთაძე (50 კგ) ევროპის ჩემპიონია.
სტოკჰოლმში მიმდინარე ევროპირველობაზე ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში შეავსეს სამეულები, პირველი დღე კი ოთხი მედლით ჩაამთავრეს. შოთაძის ოქროს გიორგი ჩხიკვაძემ (42 კგ), ლერი აბულაძემ (58 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა (85 კგ) ბრინჯაოები მიამატეს.
გიორგი შოთაძემ ევროპის ჩემპიონატი უნგრელი რაიმუნდ ფარკასის ძლევით (8:1) გახსნა. ფინალის გზაზე რუსეთის ნაკრების წევრი მუსლიმ ამაევი (8:2), აზერბაიჯანელი ზაურ ნურიევი (6:4) და კიდევ ერთი რუსი რუსლან გაჯიევი (2:1) დაამარცხა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი სომეხ სამველ გრიგორიანს ძალიან ადვილად მოუმთავრა საქმე — წუთსა და 37 წამში 11 უპასუხო ქულა აუღო.
სულ ცოტა დააკლდა ჩემპიონობამდე ჩვენს მეორე ლანჩხუთელს, 54კგ. წონით კატეგორიაში მონაწილე, ირაკლი ძიმისტარიშვილს (ირაკლი ნინოშვილიდანაა, იქვე დაამთავრა სკოლა, სავარჯიშოდ კი ოზურგეთში დადიოდა). ძიმისტარიშვილმა გზად ბულგარელი ივო კრასიმიროვ ილიევი (10:1), აზერბაიჯანელი ნურლან დადაშოვი (2:1) და რუსეთის ნაკრების წევრი რახმან ტავმურზაევი (9:0) ჩამოიცილა. ნახევარფინალში თანაგუნდელ ოთარ აბულაძეს მოუგო (8:6). აი, ფინალი კი სამწუხაროდ სომეხ მოჭიდავეს შანტ ხაჩატრიანს "დაუთმო".
სხვათა შორის კიდევ ერთმა გურულმა, ოზურგეთელმა, საბა ცეცხლაძემ იყოჩაღა და სტოკჰოლმიდან ოქრო — ვერცხლს კიდევ ერთი ბრინჯაო დაუმატა.
გუნდური პირველი ადგილი რუსეთის გუნდს ერგო, მეორეზე კი საქართველოს ნაკრები გავიდა.
ემოციებს ვერ მალავდა გიორგი შოთაძის მწვრთნელი ზაზა ღლონტი: "ველოდი გიორგის წარმატებას, რადგან დარწმუნებული ვიყავი მის შესაძლებლობებში, თუმცა შინაგანი მღელვარება ბუნებრივია მქონდა, მაგრამ ყველაფერი ლოგიკურად დამთავრდა და გაიმარჯვა უძლიერესმა.
გიორგი ურთულეს ბადეში მოხვდა და მისი გზა ფინალამდე იყო საკმაოდ რთული, ყველა შეხვედრა თითქმის ფინალის ტოლფასი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მეოთხედფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ მეტოქესთან, სადაც მსაჯების მიკერძოებას საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა გიორგიმ შეძლო მაქსიმალური მობილიზება და ორი თავით მაღლა დადგა მოწინააღმდეგეზე, რითაც მსაჯებს მინიმალური ეჭვიც მოუსპო.
რაც შეეხება ფინალს, მომავალმა ჩემპიონმა, ნაღდი საფინალო შეხვედრა ჩაატარა, ფინალში მისი გამჩერებელი აღარავინ არ იყო და ორი წუთიც არ დაჭირვებია უმაღლეს კვარცხლბეკზე ასასვლელად", -გვითხრა ზაზა ღლონტმა.
ძალიან კმაყოფილი დარჩა ნაკრების მწვრთნელი დავით ბედინაძე, რომელიც ამავე დროს გიორგის პირადი მწვრთნელიცაა. მას დიდი იმედი აქვს, რომ გიორგი მსოფლიო ჩემპიონტზე, რომელიც სექტემბერში პირველად თბილისში ტარდება, ახალი ევროპის ჩემპიონი, თავის სიტყვას იტყვის.