ზოგადი უნარების გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტესტის პირველ, მეორე და მეოთხე ვარიანტში მინიმალური გამსვლელი ქულაა 24 და მეტი. მესამე ვარიანტში კი 23 და მეტი.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 16–მა პროცენტმა ვერ გადალახა, რაც დაახლოებით, 6 000–მდე აბიტურიენტია.
მისივე თქმით, ტესტის 4–ვე ვარიანტი თითქმის თანაბარი სირთულის იყო. თუმცა, შედარებით უფრო რთული იყო მესამე ვარიანტი. ამიტომაც, გაიგივების შედეგების მიხედვით, პირველი, მეორე და მეოთხე ვარიანტებში გამსვლელი ქულა 24 და მეტია, ხოლო მესამე ვარიანტისთვის, ვინაიდან შედარებით უფრო რთული იყო, გამსვლელი ქულა 23 და მეტია.
მაია მიმინოშვილის თქმით, ყველა აბიტურიენტს ექნება შესაძლებლობა საკუთარი ნაშრომები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე – onlin.naec.ge ნახოს.
სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა ჩაწეროს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო კოდი.
ცენტრის ინფორმაციით, იქვე იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის სკანირებული ვარიანტი და მირებული ქულა.
აბიტურიენტებს შედეგების გაგება ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ, რისთვისაც, საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გააგზავნონ ნომერზე 9 3 3 3 3.
შეტყობინების მიღების საფასური 50 თეთრია.
ცნობისთვის, ზოგადი უნარების გამოცდა წელს 38 500–ზე მეტმა აბიტურიენტმა ჩააბარა.