ქალაქ ოზურგეთში "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატები არჩილ თალაკვაძე და თემურ ჭკუასელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.
წარდგენამდე მან სიტყვით მიმართ გურულებს. "მინდა ვაღიარო, რომ გურიაში სტუმრობას ყოველთვის განსაკუთრებული გაორმაგებული პასუხისმგებლობა ახლავს. გურულები გამორჩეული ხალხი ხართ – ცნობილია თქვენი ინტერესი პოლიტიკის მიმართ, სილაღე, იუმორი და რაც მთავარია, კრიტიკული ანალიზის უნარი, რომელიც არასოდეს გღალატობთ. როგორც ყოველთვის, არც შემცდარხართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ახლაც აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ. რატომ "ქართულ ოცნება?" – იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით ქვეყანა ახალი, სწორი გზით წაგვეყვანა, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის ფასი, კი გურულებზე კარგად არავინ იცის. მშვიდობის მერე თავისუფლება და ჯანმრთელობაა ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი. ამ ოთხ წელიწადში ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთეთ: ჩვენ პრაქტიკულად არ დაგვიტოვებია არც ერთი სოფელი უშუქოდ, არ დაგვიტოვებია მაღალმთიანი სოფლები, სადაც არ დავნიშნეთ ტრანსპორტი ბავშვების სკოლაში სატარებლად, არც ერთი მოსწავლე არ დაგვიტოვებია სახელმძღვანელოს გარეშე," – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვის გამოსვლის დროს.