ივლისის ბოლოდან ჩვენი ფერმერები უმთავრესი საქმის _ თხილის საკრეფად ემზადებიან. პლანტაციების კარგად დასუფთავებასთან ერთად, ყველას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ აუცილებელ პირობად იქცა თხილის ხარისხი, რაც თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული, ვისაც კი თხილის კრეფასთან თუ მიღება-ჩაბარებასთან აქვს საქმე. ამიტომ აუცილებელია, გაითვალისწინონ და პასუხისმგებლობით, ხარისხთან შესაბამისობაში შეასრულონ ყველანაირი სამუშაო, რაც თხილს უკავშირდება.
* * *
აგვისტოს დასაწყისში ყანებში მუშაობა შენელებულია და ამ მხრივ ფერმერს მეტი დრო აქვს, სხვა საქმისკენ მიმართოს ყურადღება.
* * *
ახლა კენკროვნებს, ჟოლოს, მოცხარს თუ ხურტკმელს მსხმოიარობა დასრულებული აქვს. უნდა შევაჭრათ ნახევრად ხმელი ტოტები, მიწის ზედაპირიდან 5-7 სმ სიმაღლეზე. ხოლო ნაყარის არსებობის შემთხვევაში _ გამოვხშიროთ. ჟოლო ადვილად მრავლდება და ორი-სამი ტოტის ერთად გაზრდასაც უცებ ახერხებს. თუმცა, მომდევნო წელს ნაყოფს არ მოგვცემს. კარგია გახშირებული ბუჩქების ჩაჭრა და გადარგვაც. გახსოვდეთ, რომ ერთი კილოგრამი ჟოლოს ფასმა აგრარულ ბაზარზე უკვე 6-7 ლარს მიაღწია. მისი გაშენება და მოვლა ადვილია, მარტივად შეიძლება კარგი საოჯახო ბიზნესის აწყობა, რადგან არ საჭიროებს მძიმე შრომას. ჟოლოს ფოთლებიც ძალზე სასარგებლოა ფაღარათის დროს. აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება კუჭისა და ნაწლავების კატარისას. გამოიყენება კანზე გამონაყრის დროსაც. დაკრიფეთ აგვისტოში, გაახმეთ ჩრდილში და შესაბამისი საჭიროების დროს გამოიყენეთ მისი ნაყენი _ დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ ორი საათით და შემდეგ დალიეთ, ასევე მოიბანეთ გამონაყარი.
* * *
აგვისტოს შუა რიცხვებში დათესეთ ნიორი, ოხრახუში, წიწმატი, საფოთლე ხახვი, სალათი და კომბოსტოს ყველა სახეობა (ბროკოლი, კეჟერა). ეს ბოსტნეული კულტურები მომდევნო თვეებშიც ითესება, მაგრამ თუ გვინდა ზამთრისთვის კარგად მოძლიერდეს და გაზაფხულამდე გვქონდეს "მწვანე ზამთრის ბაღი", აუცილებლად დათესეთ 15 აგვისტოდან. კომბოსტოს ჩითილები სექტემბრის ბოლოს გადარგეთ.
* * *
რა მოვუხერხოთ განსაკუთრებით მოდებულ სარეველებს?
სარეველებთან ბრძოლა ერთ-ერთი უძნელესი საქმეა. განსაკუთრებით ძნელად მოსასპობია მრავალწლიანი ფესვურა სარეველები: ამბროზია, ჭანგა თუ გლერტა. ღრმა დაბარვა უნდა დავიწყოთ აგვისტოს შუა რიცხვებიდან. ფესვურები შევაგროვოთ და აუცილებლად დავწვათ, რადგან მიწის ზედაპირზეც კი, დაყრილ მდგომარეობაში, ახერხებს გამრავლებას. ერთ სეზონზე და მხოლოდ აგვისტოში ჩაბარვით არ მოხერხდება მათი სრულად მოსპობა, თუმცა შენელდება გამრავლების პროცესი და მომდევნო სეზონზეც მათ წინააღმდეგ ბრძოლით შესაძლებელია სრული განადგურება, ქიმიური პრეპარატების გამოყენების გარეშე.
რაც შეეხება ერთწლოვან სარეველებს, რომელთა გამრავლება თესლით ხდება, მათ წინააღმდეგაც ბრძოლა ზაფხულის დასასრულისთანავე უნდა დავიწყოთ. სხვადასხვა მოსავლის აღებისთანავე, სასწრაფოდ დავფარცხოთ ნაკვეთი _ ეს ხელს უშლის თესლის გაღვივებას და აღმოცენებას. ხოლო როგორც კი აღმონაცენი გაჩნდება, მაშინვე ჩავბაროთ 15 სმ სიღრმეზე, სადაც გაღვივება ხდება. ასეთ შემთხვევაში თესლი ზედაპირამდე ვერ ამოდის და მიწაშივე იღუპება.
სარეველების მოსპობით ნიადაგი ორგანული სასუქით მდიდრდება. მომშხამველი ჰერბიციდებით ბრძოლას სარეველების წინააღმდეგ, ასეთი ბრძოლა ჯობს. შრომა მეტი სჭირდება, მაგრამ ნუ დაიზარებთ.
სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა ადრე გაზაფხულზეც შედეგიანია, მაგრამ უმჯობესია ახლა, ზაფხულის მიწურულს, გვიან შემოდგომამდე ვებრძოლოთ.
* * *
კიდევ ერთი რჩევა ჩვენს მოსახლეობას, ვის ეზოებშიც ახლა უხვად ყრია მწიფე ხილი და ბევრგან ლპება კიდეც. რატომღაც ბევრი არ ფიქრობს ხილის წვენის გამოხდას და ამ სახით შენახვას ზამთრისთვის. ნებისმიერი ხილის წვენი საუცხოოა, თუ წვენსაწურით გამოვწურავთ და შაქრით თუ შაქრის გარეშე შევინახავთ. აუცილებელია სტერილიზაცია და არა პასტერიზაცია, რომელიც მხოლოდ 70-გრადუსიან დუღილს, უფრო სწორად წამოდუღებას ექვემდებარება. თუმცა, კომპოტს პასტერიზაციის წესითაც ხშირად ინახავენ. ნუ ალპობთ ხილს ეზოებში, მიბრუნდით ბუნებისგან უხვად ბოძებულ სიმდიდრისკენ. სიკვდილიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მთელ მსოფლიოში ინსულტია. მისგან დაცვა კი ყველაზე ძალიან ბოსტნეულით, ხილით და ხილის ნატურალური წვენებითაა შესაძლებელი.
* * *
ასევე, მაყვლით სავსეა გზისპირა, ყანისპირა, ღელისპირა ადგილები. წელს მისი განსაკუთრებულად დიდი მოსავალია. გარდა მურაბისა და წვენისა, შესანიშნავია მაყვლის ღვინო. გააკეთეთ ზუსტად ისეთივე წესით, როგორც მზადდება ყურძნის ღვინო.
* * *
რაც შეეხება ვენახს, ის აგვისტოში ორჯერ მაინც საჭიროებს ბორდოს 1%-იანი ხსნარის შესხურებას, ასევე, გოგირდის შეფრქვევას, ოღონდ წამლობას წინ უნდა უძღოდეს ზედმეტი ყლორტების შეცლა, რაც ითვალისწინებს შტამბზე ამონაყრების მოცილებას (გარდა იმ ამონაყარისა, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ გადასაწიდნად ან დაზიანებული მხარის შესაცვლელად). ამავე პერიოდში უნდა მოხდეს ყლორტების მიბმა საყრდენზე და ნამხარის შეცლა.
აგვისტოში მუდამ აუცილებელი ღონისძიებაა გამუდმებული თოხნა, მიწის გაფხვიერების მიზნით, სარეველების მულჩებად შემოწყობა ვაზის ძირში, რაც ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას, საბოლოოდ კი ორგანულ სასუქად ქცევას.
* * *
არ დაგვავიწყდეს, რომ აგვისტო კვირტში მყნობის დროა. განსაკუთრებით იაქტიურეთ ვარდის გამრავლების მოყვარულებმა _ ყვავილთა დედოფალი ყველაზე ძალიან ამ დროს და კვირტში მყნობით მრავლდება.