ჩვენი საკარმიდამო ნაკვეთების თუ საყანე ფართობების ღობეებს მუდმივი ყურადღება სჭირდება. განსაკუთრებით პოპულარულია ხის (აკაციის, წაბლის, წიფლის, მუხის) მესერი, რომელიც საკმაოდ გამძლეა და სილამაზითაც გამოირჩევა. ხშირად სამესერე მასალას ხერხავენ, რასაც დრო ნაკლები სჭირდება, მაგრამ ასეთი ფორმით გაკეთებულს გამძლეობაც ნაკლები აქვს და ეკონომიკურადაც წამგებიანია. რატომ ჯობს გამძლეობით დახერხილს დახეთქილი მესერი?
გამოცდილი მეურნე გურამ ბერიძე დაბა ნარუჯაში ცხოვრობს და მრავალი ათეული წელია, ღობის სარებს დახეთქვის მეთოდით ამზადებს.
გურამ ბერიძე: _ ღობისთვის სარების დახეთქვა გაცილებით უმჯობესია, რადგან ასე დამზადებულ სარს გამძლეობა ბევრად მეტი აქვს. ზოგს, იქნებ, გაუკვირდეს, მაგრამ მრავალწლიანი გამოცდილებით ვიცი, რომ დახეთქვის მეთოდით დამზადებული სარი წვიმიან ამინდში წყლის წვეთებს "ირეკლავს" _ ჩამონადენი წყალი ზედ არ ჩერდება. აქედან გამომდინარე, წყლითაც არ იჟღინთება ხის მასალა, რითაც სარი მზადდება და შესაბამისად, ლპობის პროცესიც ვერ ვითარდება ან ძალიან გვიან ვითარდება, ვიდრე დახერხილი მესრის შემთხვევაში.
დახერხვის გზით დამზადებული მესრის ზედაპირი გლუვია, გაცილებით ლამაზიც, თუმცა წვიმის წვეთი ზედ ადვილად სრიალებს, იჟღინთება, მიწაშიც ადვილად ჩაედინება სწორედ სარის ბოლო წერტილამდე და ლპობაც ადრე იწყება.
რა თქმა უნდა, მასალასაც აქვს მნიშვნელობა, რომელი სახეობის მცენარისგან ვამზადებთ. ძალიან კარგია და გამძლეობის უნარით გამოირჩევა მუხა, აკაცია, წაბლი.
ეს ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით ვიცი _ ვმუშაობ დაკვეთებზეც და როცა სარების დამზადების მსურველებს ვუხსნი, რატომ უნდა დავხეთქო სამესერე მასალა, რომელიც გაცილებით ნაკლები სილამაზით, მაგრამ გამძლეობით გამოირჩევა, მეთანხმებიან, რომ ასეთი წესით დავუმზადო.
დახეთქვის გზით დამზადებული მესრის გამძლეობა 5-10 წლით მეტია, ვიდრე დახერხილისა. მართალია, დახეთქვას მეტი შრომა და ძალისხმევა სჭირდება, ეს დიდი სოლებისა და მცირე პალოების გამოყენებით უნდა მოხდეს, მაგრამ შედეგიც უმჯობესი გვექნება. ამიტომ, მთავარია, არ დავიზაროთ და კარმიდამოც დიდი ხნით კარგად შეღობილი გვექნება, ისე, რომ შესაძლოა, მისი შეცვლა მხოლოდ ჩვენს შვილიშვილებს მოუხდეთ.