"გურია ნიუსის" და "Post _ ალიონის" ერთობლივი პროექტის _ "მონოლოგიდან _ დიალოგამდე" ფარგლებში, ნასაკირალში მცხოვრებ ქალბატონებს შევხვდით.
დაბა ნასაკირალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დიდი რაოდენობით გამოირჩევა. ეს ის დაბაა, სადაც თითქმის ყველა არჩევნებში მმართველი პარტია 80 პროცენტით იმარჯვებდა. თუმცა, წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, დაბა ნასაკირალის მოსახლეობამ ხელისუფლებას უარი უთხრა.
როგორც ნასაკირალის მეხუთე რაიონში მცხოვრებლები ამბობენ, ხელისუფლებას ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება, დაპირებებიდან კი არაფერი სრულდება. მათი განცხადებით, ნასაკირალელებისთვის რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა. უმთავრესი და მოუგვარებელი პრობლემა კვლავ უწყლობა და უმუშევრობაა. დაბის მოსახლეობის შემოსავლის წყარო ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე თურქეთში მუშაობაა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის მეხუთე რაიონში, სამი მრავალბინიანი სახლია, მცხოვრებლები კი მხოლოდ ერთი ჭით სარგებლობენ. ჭა მათი საცხოვრებლიდან 300 მეტრშია. წყალს ღამის 4 საათიდან ეზიდებიან. აქაური ქალები ამბობენ, რომ უწყლობა მათ უამრავ პრობლემას უქმნის _ ზაფხულში ჭაც შრება, მოსახლეობას შორის კი კონფლიქტური სიტუაცია იქმნება.
ახალგაზრდებისგან დაცლილ დაბაში უმძიმესი სოციალური ფონია. დაბის მცხოვრებლები "გურია ნიუსთან" საკუთარ გასაჭირზე საუბრობენ:
ირმა ჩახვაძე, დარეჯან გორგაძე, გულნარა ვანაძე, შორენა გორგაძე:
"ჩვენი ყველაზე დიდი და გადაუჭრელი პრობლემა უწყლობაა. ამხელა რაიონში არის მხოლოდ ერთი ჭა, რომელზეც დამოკიდებულია 20 ოჯახი, დაახლოებით, 50 ადამიანი. ისიც უკვე დამშრალია; სასმელი, სარეცხი, მოსარწყავი, დასასუფთავებელი… ყველაფერს ამ ჭით ვაკეთებთ. კარგ დროს მოხვედით _ ნახეთ, ქალები როგორ ეზიდებიან ურიკაზე შეყრილი ბიდონებით წყალს მთელი დღის განმავლობაში. წყლის ზიდვით ქანცგაწყვეტილებმა როგორღა უნდა იმუშაონ? კაცები თურქეთში არიან სამუშაოდ. ვინ მოგვეხმარება?
ჭაც დაბინძურდა უკვე. იმიტომ არ მივეცით ხელისუფლებას ხმა, რომ, რასაც დაგვპირდნენ, არ გაგვიკეთეს. გაზი არ გვაქვს, არც ნაგვის ურნა დგას _ ქალაქში უნდა წავიღოთ ნაგავი. ქუჩის განათება ყველგანაა და ჩვენთან არ არის. ყველანაირად უყურადღებოდ ვართ. ჩვენი დილა ღამის 4 საათიდან იწყება _ უნდა მოიტანო წყალი ვედროებით, შეავსო ყველა ჭურჭელი. შემდეგ წაიღო სარეცხი და გარეცხო იმ ჭაზე, საიდანაც სასმელ წყალს ეზიდება ამდენი ოჯახი. არაფრის დრო აღარ გვრჩება, რომ სხვა საქმიანობა შევძლოთ.
ხომ მოახლოვდა არჩევნები? დაინახავენ, რამდენ ხმას წაიღებენ ნასაკირალიდან. კარგად გვახსოვს წინა საარჩევნო დაპირებაც _ არც ერთი ოჯახი არ დარჩება უწყლოდო. სადაა? დღეში ასი კაცი დადიოდა, ხმა მოგვეცით და ყველაფერს გავაკეთებთო.
მოვა არჩევნები და ჩვენთან მოსასვლელი პირი არ ექნებათ".
ნუგზარ გორგაძე, ზაურ გიორგაძე: "არ შეასრულეს არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება. ჩვენი სოფლის გამგეობაში მივედით და ასე გვითხრეს, აქ "ნაციონალებმა" გაიმარჯვეს და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, ვერ მოვთხოვთ ხელისუფლებასო. გზაზე გრეიდერი გადაატარეს და ცოტა უკეთესობა არის. ქვეყანა რომ მოიაროთ, ასეთ უპატრონო უბანს ვერ ნახავთ".
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დაბა ნასაკირალში დავით ტუნაძე ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემა მალე მოგვარდება: "არაა სიმართლე, რომ არაფერი გაკეთებულა. არანაირი პრობლემა არაა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს დაბაში ოპოზიციამ გაიმარჯვა. პირიქით, ყველა დაპირება შესრულდა. ჩვეულებრივ რიტმში მიდის ცხოვრება, ეხმარებიან ავადმყოფებს.
მართალია, არ არის გაყვანილი წყალსადენი მილი, მაგრამ ეს პრობლემაც მალე მოგვარდება. ელექტროგაყვანილობის ახალი ბოძებია და შუქი როგორ არ აქვთ? ქუჩის განათების ორი ნათურაა და ერთი, ალბათ, გადამწვარია. ბევრი რაღაცა გაკეთდა. თითქმის ყველა ქუჩა მოიხრეშა და მოასფალტდა", _ ამბობს რწმუნებული.