ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მცირე კამათს ჰქონდა ადგილი. მესამე საკითხად გამოტანილი იყო “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“.
საკრებულოს დეპუტატმა, დავით მჟავანაძემ საკრებულოს სხდომაზე თქვა, რომ ამ ნუსხაში არის სოფელ ჭანიეთის 9 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და ეს ადგილი წარმოადგენს ქარსაფარ ზოლს.
“ნახაზში არის მოქცეული არის ქარსაფარი ზოლი და აქედან გამომდინარე, ამ ნუსხას მე მხარს არ დავუჭერ. კარგი იქნებოდა ნუსხიდან ეს ნაკვეთი ამოეღოთ და შეესწავლათ“, _ თქვა დავით მჟავანაძემ.
“შესაძლებელია ამ საკითხის ამოღება და ცალკე კვლევების ჩატარება“, _ მხარი დაუჭირა თავის თანაგუნდელს დეპუტატმა მიხეილ გოგოტიშვილმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი კვერღელიძემ დავით მჟავანაძეს უპასუხა, რომ კარგი იქნებოდა კომისიის სხდომას დასწრებოდა.
“ვიცი, რომ დაგირეკეს და კარგი იქნებოდა მისულიყავი კომისიის სხდომაზე. სხდომაზე როგორ უნდა ვიმსჯელოთ ამაზე? შენ არ მოინდომე თავის დროზე დაინტერესებულიყავი ამ საკითხით. საკრებულოს წევრობა მხოლოდ საკრებულოს სხდომაზე დასწრებით არ შემოიფარგლება. თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა ბიუროს, კომისიის სხდომებზე. რატომ უნდა დაგიჯეროთ, რომ ნამდვილად ქარსაფარ ზოლზე საუბრობ? _ თქვა დიმიტრი კვერღელიძემ.
“რაზე ვდაობთ ვერ ვხვდები, მობრძანებულიყო და ჩართულიყო განხილვის პროცესებში. 18-კაციანი დასკვნა არსებობს და გაეცნოს“, _ თქვა საკრებულოს წევრმა ტარიელ აროშიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, არჩილ ყაზაიშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ქარსაფარ ზოლთან დაკავშირებით სახელმწიფო მუშაობს და აქედან გამომდინარე, სტატუსი ნამდვილად არ იქნება მინიჭებული იმ ადგილას, რომელზეც დავით მჟავანაძე აცხადებს, რომ ქარსაფარი ზოლია.
“კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იქ არის ქარსაფარი ზოლი. საკრებულოს სხდომაზე მე ვერ დამარწმუნეს, რომ რაიმე ტყუილს ვამბობდი. სახელმწიფო მუშაობს სტატუსის მინიჭებაზე და რადგან ამ ეტაპზე ეს სტატუსი არ არის, არ გვაქვს უფლება, რომ ეს ქარსაფარი ზოლი გავანადგუროთ“, _ თქვა „გურია ნიუსთან“ დავით მჟავანაძემ.
მესამე საკითხს დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.