დღეს რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების პირველი ოფიციალური „სამუშაო დღეა“. ოფიციალური ვახსენე და ოლიმპიადამ სტარტი სამი დღის წინ აიღო, როდესაც ბრძოლაში ქალი ფეხბურთელები ჩაებნენ. ესტაფეტა მოგვიანებით კაცმა მობურთალეებმა გადაიბარეს და პირველი სენსაციაც დაფიქსირდა – ნეიმარით გაძლიერებულმა ბრაზილიის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის დამარცხება ვერ შეძლო – 0:0.
გუშინ ქართველთაგან ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა ისპარეზა. ჩვენებურები რიოს სახელგანთქმულ სამბადრომზე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდიოდნენ.
ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ნარიმანიძეს ჰქონდა, რომელიც 625 ქულით 34-ე ადგილზე გავიდა, ესებუა 612 ქულით 45-ე იყო, ხოლო ლობჟანიძემ 594 ქულით 57-ე შედეგი აჩვენა.
საქართველოს ნაკრები 1831 ქულით ფლეი-ოფში მოხვდა და 7 აგვისტოს მერვედფინალში მექსიკას დაუპირისპირდება. სპეციალისტების პროგნოზით, ფავორიტად მოწინააღმდეგე ითვლება, მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვენი მშვილდოსნები სასიამოვნო სიურპრიზის შემოთავაზებას შეძლებენ.
რაც შეეხება ინდივიდუალურ ასპარეზობას, 9 აგვისტოს, ფლეი-ოფის პირველ წრეში ხათუნა ნარიმანიძე უკრაინელ ლიდია სიჩენიკოვას დაუპირისპირდება, 10 აგვისტოს კი ქრისტინე ესებუა ინდოელ დეეპიკა კუმარის, ხოლო იულია ლობჟანიძე მექსიკელ ალეხანდრა ვალენსიას შეხვდებიან.
დღეს საქმეს ძიუდოისტებიც შეუდგებიან. 60 კგ. წონით კატეგორიაში ოლიმპიურ ტატამზე ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო პირველობის მესამე ადგილოსანი ამირან პაპინაშვილი იასპარეზებს.
კენჭისყრის მიხედვით ქართველი თავდაპირველად კანადელ სერხიო პესოას დაუპირისპირდება. წესით მისი დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს. მერვედფინალში ტაივანელი მინ იენ ცაის, ლაოსელი სოუკპჰახაი სიტისანეს და ბულგარელი იანისლავ გერჩევის სამეულიდან უძლიერესს დაეჭიდება. წესითა და რიგით ამ“პატივს“ ბულგარელი მიიღებს. ვივარაუდოდ რომ პაპინაშვილი მეოთხედფინალამდე უპრობლემოდ მიაღწევს.
მეოთხედფინალში მისი სავარაუდო მეტოქე იაპონელთა მსოფლიო ჩემპიონი ნაოჰისა ტაკატო ოქნება. მისი ძლევის შემთხვევაში, ქართველს მედლებისაკენ მიმავალი გზა შედარებით გაუიოლდება. რასაკვირველია, წინასწარი დაგეგმვა და ჩვენი სპორტსმენისთვის ოლიმპიური ჯილდოს „წერილობითი მიკუთვნება“ იოლი საქმეა. ეს, თეორიულად. პრაქტიკულად კი ამირანი საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და სრულიად საქართველოს დიდი სიხარული მოუტანოს.
რიო-დე-ჟანეიროში ძიუდოისტთა ასპარეზობა, თბილისის დროით 17.00 საათზე დაიწყება. ფინალური ორთაბრძოლა ღამის 00.00-00.20 წუთისთვის არის დაგეგმილი. იმედია, მასში ამირან პაპინაშვილი მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.
დღესვე ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ერთ ქართველს ვიხილავთ. პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ცეცხლის ხაზზე 19 წლის ცოტნე მაჭავარიანი დადგება. ცოტნე სახელგანთქმული ნინო სალუქვაძის ვაჟია. დედა-შვილმა ოჯახურად, ერთად მონაწილეობით, მსოფლიო ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა.
ცოტნე მაჭავარიანი სასროლეთზე თბილისის დროით 20 საათზე დადგება.