პოლიტიკურმა პარტიამ ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
ახალციხესა და ადიგენში ”ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ახალციხის მერი გიორგი კოპაძე იქნება.
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობისთვის სამი მოწვევის პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანია იბრძოლობს.
ბორჯომსა და ასპინძაში ”ქართული ოცნების” სახელით კენჭს ბორჯომის ამჟამინდელი მაჟორიტარი გედევან ფოფხაძე იყრის.
”ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ახალციხეში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა.
”ჩვენ ყველამ ერთად, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, 2012 წელს გავიმარჯვეთ და წელსაც, ამ არჩევნებშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან რეალური ნაბიჯებით მივდივართ წინ, ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარებისკენ, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობისკენ. ჩვენ ამ გზაზე თქვენი ნდობა და მხარდაჭერა გვაძლიერებს. ჩვენ არჩევნებში ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, ”ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს”, _ განაცხადა პრემიერმა.