გუშინ რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა არასასიამოვნო სიურპრიზი მოგვიმზადა.
66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჩვენებური პირველივე წრეში სლოვენიელ ადრიან გომბოკთან იპონით დამარცხდა და შეჯიბრებას უსახელოდ ჩამოსცილდა.
მარგველაშვილს ვერც “კარიოკა არენას“ ტრიბუნებზე მყოფმა სახელგანთქმულმა თანამემამულემ, საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშველა.
პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ნინო სალუქვაძემ იასპარეზა. სამწუხაროდ მხოლოდ 377 ქულის დაგროვება შესძლო, ფინალურ რვა მონაწილეთა შორის მოხვედრა ვერ მოახერხა და შეჯიბრება 34-ე ადგილზე დაასრულა.
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები ფლეი-ოფში ასპარეზობდა. როგორც სპორტის ამ სახეობის სპეციალისტები ვარაუდობდნენ, მექსიკის გუნდის დამარცხება ჩვენებურებისთვის ურთულესი საქმე გახლდათ. ასეც მოხდა _ ქართველებმა მშრალი ანგარიშით წააგეს _ 0:6.
გუშინვე მოცურავეთა ასპარეზობაში ბრასით ცურვაში თეონა ბოსტაშვილი გამოვიდა. ქართველმა 1.22,91 შედეგით 43 მონაწილეს შორის 42-ე ადგილი დაიკავა.
გუშინ თბილისის დროით გვიან ღამით ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ურუგვაელ პაბლო კუევასს დაუპირისპირდა. პირველი სეტი ლათინური ამერიკის წარმომადგენელმა მოიგო _ 6:3. მეორეში ქართველმა წონასწორობის აღდგენა შესძლო _ 7:6. გადამწყვეტ სეტში უფრო ძლიერი კუევასი აღმოჩნდა _ 6:3.
დღეს რიო-დე-ჟანეიროში მხოლოდ ერთი ქართველი, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს. ქართველი ძიუდოისტი 73 კგ წონით კატეგორიაში გამოვა.
შავდათუაშვილი თავდაპირველად კუბელ მაგდიელ ესტრადასა და ჩეხ იარომირ იეზეკს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
წარმატების შემთხვევაში, მომდევნო წრეში შრილანკელ ჩამარა რეპიალაგესა და ამერიკის სამოას წარმომადგენელ ბენჯამინ ვატერჰაუსს შორის მოგებულს შეხვდება. წესითა და რიგით, მეოთხედფინალამდე უპრობლემოდ უნდა მიაღწიოს. იქ კი თუ რაიმე მოულოდნელობა არ დაფიქსირდა იაპონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი შოჰეი ონო შეხვდება.