გააუქმებს თუ არა ახალი თავდაცვის მინისტრი მისი წინამორბედის გადაწყვეტილებას, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, უცნობია.
კომენტარი დღეს ამ თემაზე გენშტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ იზორიასთან ჯერ სამუშაო შეხვედრა არ ჰქონია.
მისივე თქმით, სამხედროების ჯგუფი ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა. გადაწყვეტილება წერილობითი სახით გადაეცა თავდაცვის მაშინდელ მინისტრს, რომელმაც გაახმოვანა ეს გადაწყვეტილება.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, ახალ მინისტრთან საუბარი გვქონდა, დაინტერესდა აღნიშნული საკითხით, მაგრამ ჯერ ძალიან დაკავებულია, ბევრ საკითხში უნდა გაერკვეს და დავთქვით, გამოვნახავთ დროს და მივუძღვნით ერთ შეკრებას, რომ ჩვენს პოზიციებში დავარწმუნოთ.
გამორიცხული არაფერია, თუმცა, სამხედროების მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დღევანდელი გამოწვევებიდან, ქვეყნის რესურსებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უფრო ეფექტიანი იქნება პროფესიული შეიარაღებული ძალების ყოლა.