გერმანელი მეცნიერი მორიც ვაგნერი საქართველოში XIX საუკუნის პირველ ნახევარში იმყოფებოდა. ის შეხვდა ფოთის ციხის ზემოთ ღარიბი გურული მეთევზის ქალიშვილს. როგორც ვაგნერს უთხრეს, მეთევზე სიღატაკის გამო დიდი სიამოვნებით გაყიდდა ქალიშვილს თურქეთში, მაგრამ შვილს მშობლიური მხარე ერჩივნა მდიდრულ ჰარამხანას სტამბულშიო.
აი, რას წერს ვაგნერი გურიაზე:
"დიდებული მხარის _ გურიის მაცხოვრებლები მთელ კავკასიელ ხალხებს შორის სილამაზით პირველნი არიან …თვით ნიმფა კირკე ,,დიდი, ლამაზი და საყვარელი”, როგორიც ჰომეროსმა დახატა, ვიხილე საღამოს… გურული ნიმფა არ იყო მორთული ,,ვერცხლისფერ სამოსში ოქროთი გაბრწყინებული სარტყელით”, არამედ ფერადი ნაჭრებით დაფარული, რომლებიც მშვენიერ ახალგაზრდულ სხეულს ეკვროდნენ და მხოლოდ სანახევროდ ფარავდნენ.
სახე დაუფარავი ჰქონდა. უფრო ნატიფი ხაზები და მშვენიერი ტანი ამ ლამაზ ხალხში იშვიათად მინახავს… წინათ მამები ნაკლებად აქცევდნენ ყურადრებას ქალიშვილთა მხრივ სამშობლოს სიყვარულს და მათ ნებით, ან ძალით უგდებდნენ ხელთ თურქ მონათმოვაჭრეებს".