„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ერთდღიანი ვიზიტით რუსეთის დედაქალაქში იმყოფებოდა. მოსკოვიდან დაბრუნებულმა ბურჯანაძემ პირველი კომენტარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა.
„მე ვიყავი მოსკოვში და შევხვდი ბატონ ნარიჟკინს, რომელიც გახლავთ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე და რომელიც იქნება რუსეთის მომავალი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე.
ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩვენს შორის შედგა ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი. ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რუსეთის უმაღლეს პირებთან პირდაპირი, უშუალო დიალოგის წარმოება.
გარწმუნებთ, რომ არჩევნების შემდგომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე დიალოგი გაიმართოს. მე შევხვდები რუსეთის ხელისუფლების მმართველ პირებს და ეს ჩვენ დაგვეხმარება, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ ჭრილში და დავიწყოთ იმ პრობლემების დარეგულირება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“,_ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, არჩევნებამდე რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი თანამმდებობის პირებთან შეხვედრა დამოკიდებულია მოვლენათა განვითარებაზე.
„თუ აუცილებელი გახდა არჩევნებამდე კიდევ შეხვედრის გამართვა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს, თუმცა თვითმიზანი არც ერთი ვიზიტი და არც ერთი შეხვედრა არ გახლავთ“, _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.