„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის ოჯახის დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია.
როგორც გვითხრეს, ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დღეს, სპეცოპერაციის დროს აიყვანეს. ხოლო მეორე პირი, უკვე მსჯავრდებულია, ოღონდ სხვა დანაშაულის გამო.
ჩვენი ინფორმაციით დაკავებული ამ წუთებში დაკითხვაზე ჰყავთ.
„გურია ნიუსი“ დეტალებს ამოწმებს და ვრცელ ინფორმაცის მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ზაალ მამალაძის ოჯახი, გასული წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე დააყაჩაღეს. თავდამსხმელებს სახეზე სამედიცინო ნიღბები ეკეთად. ზაალ მამალაძის მეუღლე სტომატოლოგია და როგორც გვითხრა იმ დროს პაციენტს ელოდებოდა:
_ პაციენტებს ველოდებოდი. დაახლოებით ათის ნახევარი იქნებოდა, როცა კარზე დააკაკუნეს და ზაალი იკითხეს. კარი გავაღე თუ არა შემოიჭრნენ იარაღებით, _ იხსნებეს ნინო მამალაძე.
ყაჩაღები ოქროს და ფულს ითხოვდნენ და სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ზაალ მამალაძეს წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ფიზიკური ძალა გამოიყენეს ნინო მამალაძის მიმართაც.
თავდამსხმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ოჯახის წევრები დააბეს და მიმდებარე ტერიტორია ზაალ მამალაძის კუთვნილი ავტომობილით დატოვეს.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი იმ დროს მოხდა, როცა პოლიცია რეიდებს ატარებდა და ავტომანქანებს, მგზავრებსა და ფეხით მოსიარულეებსაც, საფუძვლიანად ამოწმებდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ზაალ მამალაძის სახლი ჩოხატაურის პოლიციის შენობიდან ორასიოდე მეტრში მდებარეობს.
თვითმხილველების თქმით, ყაჩაღობის დროს მამალაძეების სახლის მიმდებარე ტერორიტიაზე საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობდა და ეს იქვე მდებარე "ავერსის" საავადმყოფოს და "ვისოლის" ავტოგასამართი სადგურის კამერებმაც დააფიქსირა.