ქალაქ ოზურგეთში, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი იმყოფებოდა. ის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატის, დავით მჟავანაძის მხარდასაჭერად და მოსახლეობასთან შესახვედრად ჩამოვიდა.
“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მაღაზიაში სანდრა რულოვსთან ოზურგეთელ ქალბატონს (სახელ და გვარს ამ ქალბატონის თხოვნით არ ვაქვეყნებთ) “ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს საგადასახადო ტერორზე უნდოდა საუბარი.
“პირდაპირ ჩემთან მოვიდა. ჯერ არ მჯეროდა, სანდრა რულოვსი თუ იქნებოდა, მაგრამ ბოლოს დავრწმუნდი. მინდოდა მეთქვა, რაც მოხდა სინამდვილეში და როგორ მაწამებდა საგადასახადო სამსახურის ჩასაფრებული თანამშრომლები “ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს. თქვენ გაქვთ იმის უფლება, მოხვიდეთ და თავზე დამადგეთ? თქვენ, რომ პრეზიდენტის მეუღლე იყავით, რატომ არ ინტერესდებოდით, ხალხი როგორ ცხოვრობდა და როგორ არასამართლიანად გვექცეოდა საგადასახადოს სამსახურის თანამშრომლები.
სიმართლე არ მოეწონა და დროულად დამტოვა სანდრა რულოვსმა. გაიქცა, არ გამიჩერდა, რატომ არ მომისმინა, რატომ არ გადამიღეს ვიდეო კამერებმა? სიმართლის მოსმენა არავის უნდა. შემდეგ მისი თანმხლები პირები მოვიდნენ და დაწყნარდითო, _ მითხრეს. ცინიკურად მესაუბრებოდნენ".
სანდრა რულოვსის შეხვედრაზე ერთ-ერთი სააგენტო წერდა, რომ, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმე იქამდე მივიდა, რომ საპატრულო პოლიცია ჩაერთო საქმეში.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთში, დავით მჟავანაძე “გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ არანაირ სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია და შეხვედრა მშვიდ გარემოში ჩატარდა.
“ოზურგეთში სანდრა რულოვსთან შეხვედრა მშვიდ გარემოში შედგა. ძალიან კარგად დახვდა მოსახლეობა მას. ეს კიდევ არ მოსწონთ “ქართული ოცნების“ აქტივისტებს და ახლა ავრცელებენ ტყუილ ინფორმაციას", _ გვითხრა დავით მჟავანაძემ.