ბრიტანეთში გრეიტ ორმონდ სტრიტის საავადმყოფოს ექიმებმა ღეროვანი უჯრედების ინექციის გზით შეძლეს ბავშვები იშვიათი იმუნური დაავადებისგან განეკურნათ.
ღეროვანი ქსოვილების ტექნოლოგია ხუთ პაციენტზე გამოცადეს, რომელთა იმუნურ სისტემას ინფექციებთან ბრძოლა არ შეეძლო. ამ გენეტიკურ დარღვევას ,,ქრონიკული გრანულემატოზური დაავადება’’ ჰქვია, რომელიც Х-ქრომოსომაში არსებულ მოშლილობას უკავშირდება. ავადმყოფობა განსაკუთრებით საშიში ბიჭებისთვისაა. მოშლილობა, როგორც წესი ადრეულ ასაკში იწყება. დაავადების დროს ფიზიკური განვითარება ფერხდება. თავს იჩენს პნევმონია, კანქვეშა ჩირქოვანი ინფექციები, სტომატიტი. აღინიშნება ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის სისტემის მოშლილობა.
პაციენტები მთელი ცხოვრების მანძილზე ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო თერაპიას გადიან. პრობლემის მოსაგვარებლად მედიკოსები აქამდე ძვლის ტვინის გადანერგვას მიმართავდნენ. ახლა კი, გადაწყვიტეს თავად პაციენტების ღეროვანი ქსოვილი გამოეყენებინათ. მათ ლაბორატორიულად დაამუშავეს უჯრედები და ავადმყოფებს გადაუნერგეს. შედეგად, ბავშვებმა ჯანმრთელი უჯრედები მიიღეს და მათი მდგომარეობაც გაუმჯობესდა.
უახლოეს მომავალში საავადმყოფოსთან არსებული საქველმოქმედო საზოგადოება ახალი ცენტრის გახსნას გეგმავს, სადაც ღეროვანი უჯრედებით იშვიათი დაავადებების მკურნალობაზე მუშაობას გააგრძელებს.