დღეს, ლისის ტბაზე, ოლიმპიადიდან დაბრუნებული ქართველი სპორტსმენების საზეიმო მიღება გაიმართა.
შეხვედრას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, სპორტსმენების ოჯახის წევრები, სპორტული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ, ასევე, ქართველი პარალიმპელებიც, რომლებიც 31 აგვისტოს ბრაზილიაში გაემგზავრებიან პარალიმპურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს და აღნიშნა, რომ საქართველოს იმდენი ჩემპიონი ჰყავს, რამდენიც იყო ოლიმპიელი.
”მინდა გითხრათ, რომ მთელი საქართველო ამაყობს თითოეული თქვენგანით. ჩვენ გვყავს იმდენი ჩემპიონი, რამდენიც გვყავდა ოლიმპიელი. არ მინდა, გამოვყო არავინ, რადგან ერთი ამოსუნთქვით, სულშეკავებული უყურებდა მთელი საქართველო თითოეული თქვენგანის ასპარეზობას. ყველამ დაინახა, რამხელა ენერგია ჩადეთ თქვენ ამ ყველაფერში და მინდა, მთელი სულითა გულით მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი გამარჯვება. მინდა, მივულოცო თქვენს მწვრთნელებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს და მინდა, ჩვენი სახელით გითხრათ, რომ ჩვენ ეს უდიდესი ვალდებულების გრძნობით გვავსებს, იმისთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს ასეთი წარმატებული, როგორიც წელს არის. აქ იყო მთელი გამოთვლები, რომელ ადგილზე გავედით ქვეყნის ჩათვლით, შემდეგ დათვალეს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, შემდეგ _ სხვა პარამეტრებით. ხან მეშვიდე ადგილზე გამოვედით, ხან _ მერვეზე, ხან უფრო ქვევით. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ნამდვილად პირველები ვართ, რადგან გვყავს ასეთი ანთებული, ასეთი პატრიოტული გუნდი და თქვენ, ჩემო მეგობრებო, მართლაც ხართ სულიერი და ფიზიკური სიმტკიცის მაგალითი. დარწმუნებული ვარ, თქვენ მთელს საქართველოსთან ერთად, კიდევ უამრავი წარმატება და გამარჯვება გელით”, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა, ასევე, წარმატებები უსურვა პარალიმპიელებს, რომლებიც სექტემბერში იასპარეზებენ.
"დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი შემართებით მთელი საქართველო თქვენც გიგულშემატკივრებთ. გილოცავთ, გილოცავთ და კიდევ გილოცავთ. უამრავი მადლობა ყველა ჩვენგანისგან თითოეულ თქვენგანს", _ თქვა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ წელს პარალიმპიადის ლიცენზია ხუთმა ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა.
ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.