გავრცელებული ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიაში" მაღალჩინოსნის რანგში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის "დინამოსა" და არნემის "ვიტესის" ექს- პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას მოსვლა თითქმის გადაწყვეტილი საქმეა. ის აღნიშნულ საკითხზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისა და "გურიას" ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს.
ჟორდანია ბიზნესჯგუფის წარმომადგენელთან ერთად მშობლიურ კლუბში ინვესტირებას გეგმავს და საქმე თითქმის გადაწყვეტილია და მხოლოდ მცირეოდენი დეტალებიღა დარჩა დასაზუსტებელ- შესათანხმებელი.
საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" აღმასრულებელი დირექტორი ოთარ ჩაიძის თქმით, ის ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით, კონკრეტული არაფერია და საუბრები მხოლოდ ჭორის დონეზე მიმდინარეობს.
"კონკრეტულად არაფრის თქმა არ შემიძლია, მე პირადად შეხვედრა არ მქონია მერაბ ჟორდანიასთან და არ ვარ საქმის კურსში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ოფიციალურად არაფერია, მხოლოდ ჭორის დონეზე მესმის საუბრები", _ გვითხრა ჩხაიძემ.